მიხეილ სარჯველაძე - მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მოლაპარაკებები, რომელიც ყველას მხრიდან შედეგზე იქნება ორიენტირებული
მიხეილ სარჯველაძე - მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მოლაპარაკებები, რომელიც ყველას მხრიდან შედეგზე იქნება ორიენტირებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ყველა მხარეს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება განიმუხტოს.

მისივე თქმით, ოპოზიციის დიდ ნაწილში ეს არ შეიმჩნევა.

„საქართველოში ყველა მოწადინებული უნდა ვიყოთ (გიდასტურებთ, ხელისუფლებას ასეთი მონდომება ნამდვილად აქვს), რომ პოლარიზების რაც შეიძლება ნაკლები ხარისხი ვიხილოთ საქართველოში და ამისთვის ყველა მხარეს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები, რომელთან დაკავშირებითაც არაერთი საუბარი იყო, გაგრძელდეს და ყველა მხრიდან შედეგზე ორიენტირებული იყოს. თუმცა სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდ ნაწილში ეს არ შეიმჩნევა. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ითქვა, რომ უმიზეზოდ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ შეიძლება. მიზეზის არსებობის დასაბუთებისთვის კი ოპოზიციას ყველა შესაძლებლობა აქვს. სამწუხაროდ, ამ შესაძლებლობას ოპოზიცია არ იყენებს და კვლავ სურს, რომ მხოლოდ ეპითეტებით დაასაბუთოს საკუთარი მოთხოვნა.

რაც შეეხება კონკრეტული პირის, ნიკა მელიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას და ამ თვალსაზრისით მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ოპოზიციისთვის ეს გარემოება წინაღობაა და დამაბრკოლებელია მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის, ამ წინაღობის მოხსნის შესაძლებლობა თავად ოპოზიციას აქვს, თუ მას გულწრფელად სურს, წინაღობები არ არსებობდეს, მოლაპარაკება წარმატებული იყოს და გაგრძელდეს. ამის მარტივად მოგვარება თავად ოპოზიციას ხელეწიფება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, ვროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ, რათა მოხდეს სიტუაციის განეიტრალება.