მიხეილ სარჯველაძე – მკურნალობის გარეშე არ დარჩება არცერთი ბენეფიციარი, მაგრამ მკაცრად განსასაზღვრი გვექნება, რომ აქ არ მოიაზრებიან ადამიანები, ვისაც განზრახული ჰქონდა ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების ავად მოხმარება

00:26, 28.06.2025

მე ველოდები, რომ ჩვენ გვექნებოდა მოსასმენი მოსაზრება, რომელიც ძირითადად, მათ შორის, კომერციული მოტივაციით იქნებოდა განპირობებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, კერძო სექტორისთვის სერვისების მიწოდების აკრძალვა მოხდება ერთიანად თუ დაიწყება ეტაპობრივად და ჰქონდა თუ არა სამინისტროს კომუნიკაცია სექტორის წარმომადგენლებთან, სუბიექტებთან, კლინიკებთან.

„კომერციული ინტერესი დღეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ მაღალია სექტორში, რომ შენარჩუნდეს ის, რაც დღეს გვაქვს, პრაქტიკა, რომელიც საზოგადოებას არ მოსწონს, პრაქტიკა, რომელიც ძალიან დიდი რისკების შემცველია ჩვენი საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც ფუჭი იქნებოდა ჩვენი მცდელობა, დაგვერწმუნებინა კერძო მიმწოდებლები, რომ მათთვის უმჯობესი ან საზოგადოებისთვის უმჯობესი იქნებოდა, მათ დაენებებინათ თავი ამ ტიპის საქმიანობისთვის. შეიძლებოდა თუ არა სხვა ალტერნატივების მოძიება და ა.შ., ამისთვის საკმაოდ დიდი დრო იყო სექტორისთვის, რათა ეს პრობლემები არ დახვავებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, პრობლემები ზრდისკენ უფრო იყო ორიენტირებული, ვიდრე კლებისკენ და გასწორებისკენ. სამწუხაროდ, რეალობა იძლევა ამის საფუძველს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, კერძო სექტორის მათთან თანამშრომლობა არ იყო შესაბამისი, მაგალითად, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ გადაიჭრა ანალიტიკისთვის აუცილებელი ინფორმაციის გაცვლა, კომერციული სტრუქტურებიდან საკმაოდ ხშირი და დიდი იყო გავლენა ფსევდოლიბერალური დამოკიდებულების, რომელიც ბევრ უხერხულობას ქმნიდა და ეს იყო მზარდი და არა კლებადი.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, ითქვას, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა ინფორმაცია მიწოდება-მოთხოვნის თანაფარდობასთან დაკავშირებით, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ მეტ-ნაკლებად გარკვეული ვარაუდებისთვის ან ზოგადი ინფორმაციის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ ინფორმაციას სახელმწიფო, ბუნებრივია, ფლობს.

„ეს გახლავთ, მაგალითად, იმპორტირებული პროდუქტის რაოდენობა, მაგრამ როგორი იქნებოდა დისტრიბუცია, ყოველდღიურობა უშუალოდ იმ ჩანაცვლებითი თერაპიის ნაწილში და ა.შ., ინფორმაცია არ მოგვეწოდებოდა. სამწუხაროდ, ეს არ იყო რეალური თანამშრომლობა და ამ თვალსაზრისით პრობლემები არსებობდა, ეს უნდა ვთქვათ. უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი მოტივაცია არსებობდა, რისი გათვალისწინებითაც ეს უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად დახურული სივრცე, კონფიდენციალურობის მოტივით, არასტიგმატიზების მოტივით, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ბევრი რაღაცისთვის ხელის შემშლელი, ბევრი პრობლემის გამჩენი რეალურად“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტი საკმაოდ მაღალია და კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებით საკითხებს სახელმწიფო წარმატებით ახორციელებს, ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად წარმატებულად, ვიდრე კერძო სექტორი შეიძლება აკეთებდეს.

„მერწმუნეთ, საკმაოდ მაღალია საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტი და, აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ეს არის ის თემა, რაზედაც ვინმეს ნერვიულობა დასჭირდება. რეალურად, ეს ძალიან მარტივად მოწესრიგებადი იქნება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, არცერთი ბენეფიციარი, ვისაც მკურნალობის საჭიროება აქვს, მკურნალობის გარეშე არ დარჩება.

„ეს ეხება როგორც ფსიქოტროპულ, ისე ნარკოტიკულ საშუალებას და ა.შ., მაგრამ ამ შემთხვევაში მკაცრად განსასაზღვრი გვექნება, რომ აქ მოიაზრებიან ადამიანები, ვისაც ეს სჭირდებათ და არ მოიაზრებიან ადამიანები, ვისაც განზრახული ჰქონდა ავად მოხმარება ამ ნივთიერების. ეს ეხება, რა თქმა უნდა, მათ შორის, ფსიქოტროპულ ნივთიერებებსაც, ნარკოტიკულ საშუალებებსაც. იყო შემთხვევები, და არის ამაზე საუბარი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო გამოძიების საგანი და შეიძლება ყოფილიყო ანალიტიკის საგანი. არსებობს შემთხვევები, როდესაც, შეიძლება, რამდენიმე პუნქტის ბენეფიციარი ყოფილიყო ერთი და იგივე ადამიანი და იქ რა მკურნალობაზეა საუბარი? ხდებოდა ასეთი რამ და, სამწუხაროდ, ამის დაზღვევის მექანიზმების კუთხით თანამშრომლობაც მაინცდამაინც დიდად ეფექტური ვერ აღმოჩნდა კერძო სექტორთან“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი