მიხეილ სარჯველაძე - მიხეილ სააკაშვილის ამოცანაა, იბრძოლოს და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს, რომ პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინოს, რაც უპერსპექტივოა
მიხეილ სარჯველაძე - მიხეილ სააკაშვილის ამოცანაა, იბრძოლოს და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს, რომ პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინოს, რაც უპერსპექტივოა

მიხეილ სააკაშვილის ამოცანაა, იბრძოლოს და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს, რომ პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინოს, რაც უპერსპექტივოა. მისი „ვა ბანკ“ თამაშიც ამით არის განპირობებული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინდელ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გადასწრების სურვილით არასწორმა მანევრირებამ შეიძლება, ასეთი ინიციატორები პოლიტიკურ კატასტროფამდე მიიყვანოს და შეიძლება ასეთი რამ პირველად არ დაემართოთ. ასეთ კატასტროფასთან ახლოს არიან. მგონია, რომ მისთვის მეორე ადგილი და ნებისმიერი სხვა ადგილი, პირველის გარდა, უბრალოდ უსარგებლოა, რადგან ის მისთვის მთავარ ამოცანას ვერ მიაღწევს – პასუხისმგებლობისგან თავი დაიზღვიოს. მას სხვა მოტივაცია არ გააჩნია. მისი ამოცანაა, იბრძოლოს და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს, რომ პასუხისმგებლობისგან თავი დაიძვრინოს, რაც უპერსპექტივოა. მისი „ვა ბანკ“ თამაშიც ამით არის განპირობებული“, – განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან დისტანციურად ჩართვისას განაცხადა: „ჩვენ არ ვემზადებით საპატიო მეორე ადგილისთვის, ვინმე თუ ემზადება სამუდამოდ ოპოზიციაში ყოფნისთვის, ამას ვერ მიიღებს, ვემზადებით გასამარჯვებლად, აბა, რისთვის ჩამოვედი აქ?!“