მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებით შალვა ნათელაშვილის განცხადება დისკრიმინაციული და მიუღებელია
მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებით შალვა ნათელაშვილის განცხადება დისკრიმინაციული და მიუღებელია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებით შალვა ნათელაშვილის განცხადება დისკრიმინაციული და კატეგორიულად მიუღებელია.

„ეს არის დისკრიმინაციული განცხადება, მაგრამ უფრო მძიმეა, ვიდრე უბრალოდ დისკრიმინაციული. კატეგორიულად მიუღებელი რამაა, რასაც არავითარ შემთხვევაში არც ერთი პოლოტიკოსი არ უნდა კადრულობდეს. ბნელი შუასაუკუნეების დროინდელი რაღაც მოსაზრებებით, უაზრო განცხადებებით არ უნდა გამოდიოდეს. არ ვიცი, რაში შეიძლება გამოიხატებოდეს პოლიტიკოსის მხრიდან პატივისცემა ჩვენი ქვეყნის მოქალაქის მიმართ, როდესაც მოწყვლად ჯგუფებზე გვაქვს საუბარი. ასეთი განცხადებების ფონზე ჩემთვის გაუგებარია. იმდენად მიუღებელი რამ არის, რომ ამის კომენტირებაც არ ღირს, ეს გასაკიცხი საქციელია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ერთ არჩევნებში სოციალურად დაუცველებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა.

„სოციალურად დაუცველებმა იქნებ, დაისვენონ ერთი არჩევნები, მოვიდეს ის ხალხი, ვისაც არ უნდა საკუთარი ნამუსის გაყიდვა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.