მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო უნდა დაიძლიოს
მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო უნდა დაიძლიოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო უნდა დაიძლიოს.

როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, მართლსაწინააღდეგოდ და არამართლზომიერად პროცესების განვითარების შესაძლებლობას ნებისნიერი კანონი უნდა ზღუდავდეს.

მისი თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება არ ნიშნავს, რომ ამას ჰქონდეს აბსოლუტური ხასიათი, როცა ის სხვა ადამიანთა უფლებას ეწინააღმდეგება.

„ფაქტი აღმოჩნდა, რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვით რევოლუციური სცენარების განვითარების შესაძლებლობის არსებობას პრეზიდენტიც საკუთარი გადაწყვეტილებებით თანაუგრძნობს. არ შეიძლება, პრეზიდენტს ჰქონოდა იმის საწინააღმდეგო დასაბუთება, რაც იყო კანონპროექტის მიღების მოტივაცია და დასაბუთება. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ვეტოს დადებით წინააღმდეგობაში მოექცა. სხვათა შორის, დასაბუთებაში მცდელობაა, რომ კანონს არსებითად არ შეეწინააღმდეგოს და უფრო მეტად ფორმულირებების ავკარგიანობაზე ისაუბროს. ვფიქრობ, რომ ეს ვეტო დასაძლევია“, – განაცხადა სარჯველაძემ.