მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ „ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივას, რომელიც „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ეხება, სიღრმისეული მსჯელობა სჭირდება

14:25, 06.04.2022

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ „ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივას, რომელიც „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ეხება, სიღრმისეული მსჯელობა სჭირდება.

სარჯველაძე ფიქრობს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის ომების პერიოდთან მექანიკურად დაკავშირება მართებული არაა.

„არ მგონია, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის ომების პერიოდთან მექანიკურად დაკავშირება მართებული იყოს, რადგან შუალედური პერიოდები არსებობს. როცა ამ თემებზე ვსაუბრობთ, მეტად კონცენტრირებული უნდა ვიყოთ მიგრაციულ პროცესებზე. არ ვიცი, კანონპროექტით როგორი იქნება დასაბუთება და წინასწარ რამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ პრობლემის არსებობა იმასთან დაკავშირებით, რომ ენის ცოდნის ბარიერი ზოგიერთ შემთხვევაში, ხელშემშლელი ფაქტორია იმ ქართველებისთვის, რომელთაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ და უნდათ, საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ. იქნება თუ არა მიღებული გადაწყვეტილება, მოიხსნას თუ არა ეს ბარიერი, ამას სჭირდება სიღრმისეული მსჯელობა, რადგან საკითხი მრავალწახნაგოვანია. იმის თქმა, ეს კარგია, ცუდია, შავია თუ თეთრია, საკითხს ასე ვერ განვიხილავთ. ეს საკითხი ბევრწახნაგოვანია და სიღრმისეული მსჯელობა სჭირდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ევროპელი სოციალისტები“ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა. „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს კანონში ისეთი ცვლილებების შეტანას, რომელიც გააადვილებს სხვადასხვა მიზეზით საქართველოდან წასული ადამიანებისა და მათი შვილებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხს ახლებური რეგლამენტით.

მსგავსი