მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, აქტუალური იყოს, გაამხელს თუ არა სააკაშვილი, ვინ დაარწმუნა, საქართველოში ჩამოსულიყო  
მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, აქტუალური იყოს, გაამხელს თუ არა სააკაშვილი, ვინ დაარწმუნა, საქართველოში ჩამოსულიყო  

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ დღეს არ არის აქტუალური საკითხი, გაამხელს თუ არა სააკაშვილი, ვინ დაარწმუნა საქართველოში ჩამოსვლაში.

სარჯველაძე გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც ხაზარაძე ამბობს: „იმედია, დადგება დრო და სააკაშვილი თავად იტყვის, ვინ დაარწმუნა, მიეღო საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, ვინ მისცა გარანტიები, რომ ამ დღეში არ ჩავარდებოდა“.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, როცა მმართველი გუნდი ამაზე საუბრობდა, მაშინ ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა.

„ხაზარაძემ თუ გააკეთა განცხადება და მოუწოდა სააკაშვილს, თქვას, ვინ დაარწმუნა ჩამოსვლის საჭიროებაში, სიმართლე გითხრათ, მეც მაქვს ასეთი შთაბეჭდილება, რომ ვიღაცამ დაარწმუნა და უთხრა, რომ საქართველოში რეალობისგან განსხვავებული ვითარებაა. იტყვის თუ არ იტყვის, გაამხელს თუ არ გაამხელს, არ მგონია, მაინცდამაინც აქტუალური იყოს, თუმცა ოდესღაც ეს აქტუალური იყო. როდესაც ამაზე ვსაუბრობდით, მაშინ ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა დავიმსახურეთ. ყველაზე ახლო გარემოცვა, რომლის მოსაზრებებსაც სააკაშვილი ეყრდნობოდა, როგორც ჩანს, მას ეუბნებოდა, რომ მზად იყო ნიადაგი, ჩამოსულიყო და დესტაბილიზაციის გზით რაღაც წარმატებისთვის მიეღწია. გახსოვთ, წინასაარჩევნო პერიოდს უმიზნებდა, გახსოვთ განცხადებები მის სამომავლო გეგმებსა და ხედვებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.