მიხეილ სარჯველაძე - მე-18 დაწესებულებაზე სახალხო დამცველის განცხადებას ცალკეული საკითხების შესახებ გამოთქმულ ვარაუდებს დავარქმევდი
მიხეილ სარჯველაძე - მე-18 დაწესებულებაზე სახალხო დამცველის განცხადებას ცალკეული საკითხების შესახებ გამოთქმულ ვარაუდებს დავარქმევდი

მე-18 დაწესებულებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებას დავარქმევდი ცალკეულ საკითხებზე გამოთქმულ ვარაუდებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, N18 სამკურნალო დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 3 ნოემბრის, ასევე 28 ოქტომბრის დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

სარჯველაძე ნინო ლომჯარიას განცხადებას „ცალკეულ საკითხებზე გამოთქმულ ვარაუდებს“ უწოდებს.

„სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებას დავარქმევდი ცალკეულ საკითხებზე გამოთქმულ ვარაუდებს, რადგან ამ საკითხების ირგვლივ განსხვავებული შეხედულებებიც არის. ის საკითხები, რომლებიც ნინო ლომჯარიამ საკუთარ განცხადებაში მოისაკლისა, თუ რამდენად სრულფასოვნად იქნება შესაძლებელი მე-18 დაწესებულებაში სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებიც არის. კერძოდ, არ არის ისეთი ჩამოთვლილი აპარატურა, რომელიც ურგენტულად აუცილებელი შეიძლება იყოს და ამ შემთხვევაში ხელს უშლიდეს რაიმე რისკების მიღებით ამ დაწესებულებაში პატიმრის გადაყვანის შესაძლებლობას.

რაც შეეხება უსაფრთხოების რისკებს, ყველა რისკი, რომელზეც შეიძლება​ ჰოპოტეტურად იყოს საუბარი, ყველა დაზღვევადია და ალბათ, მოსაზრება იმის შესახებ, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანა შეუძლებელია, ვფიქრობ, რომ ეს იმთავითვე გამოირიცხება. ამის დასტურია სახალხო დამცველის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია. სახალხო დამცველს უნდა ჰკითხოთ, რა მოტივზე დაყრდნობით ამბობს, რომ რეკომენდაციებს არ შეესაბამება. ეს წინასწარ რომ გაგვევლო და გვემსჯელა, მას გავუზიარებდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ სახალხო დამცველის განცხადება უკვე გავრცელდა.