მიხეილ სარჯველაძე - ლევან ვასაძის განცხადებები ხშირად გამოირჩეოდა ისეთი რადიკალური ფორმებით, რაც ადამიანის უფლებების მიმართულებით ღირებულებებთან არცთუ თავსებადია
მიხეილ სარჯველაძე - ლევან ვასაძის განცხადებები ხშირად გამოირჩეოდა ისეთი რადიკალური ფორმებით, რაც ადამიანის უფლებების მიმართულებით ღირებულებებთან არცთუ თავსებადია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გაუჭირდება თქმა, რა შანსები ექნება ლევან ვასაძეს პოლიტიკაში.

მისი თქმით, კონკრეტული პიროვნების მიმართ განწყობა შეიძლება, სრულად ვერ ასახავდეს პარტიისადმი დამოკიდებულებას. თუმცა, სარჯველაძის განმარტებით, ლევან ვასაძის განცხადებები ხშირად გამოირჩეოდა ისეთი რადიკალური ფორმებით, რომელიც ადამიანის უფლებების მიმართულებით ღირებულებებთან თავსებადი არ არის.

„გამიჭირდება თქმა, ეს მარტო ერთი ფიგურის შეფასებაზე ვერ იქნება დამოკიდებული. ზოგადად, პარტიას უნდა ახასიათებდეს დეკლარირებული მიზნები, პოლიტიკური პლატფორმა, რომელსაც ემხრობა და ა.შ.

კონკრეტული პიროვნების მიმართ განწყობა შეიძლება, სრულად ვერ ასახავდეს პარტიის მიმართ დამოკიდებულებას, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ბატონი ლევან ვასაძის განცხადებები ხშირად გამოირჩეოდა ისეთი რადიკალური ფორმებით, რომელიც მაგალითად, ადამიანის უფლებების მიმართულებით არცთუ თავსებადია თანამედროვეობის ღირებულებებთან. შესაბამისად, ეს პრობლემა შეიძლება, ნამდვილად გარკვეულ კითხვებს აჩენდეს პოლიტიკურ მსოფლმხედველობასთან დაკავშირებით“,  – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება ვასაძის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის გაკრიტიკებას და ქვეყნის სუვერენიტეტთან დაკავშირებულ განცხადებას, სარჯველაძის განმარტებით, ყველას აქვს საკუთარი განსხვავებული მოსაზრების დაფიქსირების უფლება.

„საქართველოს ევროპული განვითარება, ევროპული მომავალი არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა საქართველოსთვის. მე პირადად, ამაზე განსხვავებული აზრის მოსმენის საჭიროებასაც ვერ ვხედავ. არაერთხელ განხილული და ნამსჯელი თემაა. აქ კითხვის ნიშნები, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, ნამდვილდ არ არსებობს. ყველას აქვს უფლება, გამოხატოს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ მე პირადად ამ მოსაზრებებს რამენაირად ვერ დავეთანხმები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. ვასაძის თქმით, ეს მისთვის მძიმე გადაწყვეტილებაა.

ვასაძის განმარტებით, ბოლო წვეთი იყო დანიელსონის დოკუმენტზე ხელის მოწერა როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციის უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან. ლევან ვასაძის შეფასებით, დოკუმენტზე ხელის მოწერით მოხდა ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა.