ლევან ვასაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო
ლევან ვასაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო

ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ვასაძემ დღეს მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

ვასაძის თქმით, ეს მისთვის მძიმე გადაწყვეტილებაა.

„მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელ, კერძო პირის მდგომარეობას და გადავდგა ნაბიჯი, შემოვიდე და მივიღო მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.  გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თვალსაზრისით. მე ვეცდები, ჩემს დღევანდელ განცხადებაში მოგახსენოთ ჩემი შეხედულებები, თუ რატომ ვართ ასე, როგორც ვართ და გაგიზიაროთ ჩემი მოკრძალებული შეხედულებები, რა უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენი ზღაპრული ქვეყანა აღარ იყოს ამ მდგომარეობაში.

მე შორს ვარ იმ ამპარტავნებისგან და კადნიერებისგან, რომ ერთ რომელიმე პიროვნებას, ჩემი ჩათვლით, შეუძლია ამის ყველაფრის აღმოფხვრა და ამ მდგომარეობიდან, რომელშიც ყველანი ჩავარდნილები ვართ, ჩემი აზრით, ერთად უნდა გამოვიდეთ.  ქაოსი, ერთმანეთის სიძულვილის, უიმედობის, უსამართლობის, უკანონობის, შიშის ატმოსფერო დასრულდეს და ქვეყანა საბოლოოდ გავიდეს თავისი განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელსაც ის იმსახურებს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ამასთან, ვასაძის თქმით, მისთვის ბოლო წვეთი იყო დანიელსონის დოკუმენტზე ხელის მოწერა როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციის უმრავლესობის წევრების მხრიდან. მისი განცხადებით, დოკუმენტზე ხელის მოწერით მოხდა ქვეყნისთვის კიდევ უფრო დამაზიანებელი, ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და შემცირება.

„რა იყო ბოლო წვეთი, რომ ეს ჩემთვის ნამდვილად არასასურველი და მძიმე ნაბიჯი გადამედგა – ბოლო წვეთი ჩემთვის პირადად იყო დანიელსონის დოკუმენტად ცნობილ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, როგორც „ქართული ოცნების“, ისე გაერთიანებული ოპოზიციის უმრავლესობის მხრიდან. ამ დოკუმენტში, გარდა ძალიან მძიმე გადაწყვეტილებებისა, დამნაშავეების ციხიდან კანონის დარღვევით გამოშვებისა, მოხდა ქვეყნისთვის კიდევ უფრო დამაზიანებელი, ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და შემცირება. ახლა თუ ეს დოკუმენტი ბოლომდე განხორციელდა და ძალაში შევიდა, დოკუმენტის შედეგად ჩვენს ქვეყანას ისედაც შეზღუდული, შევიწროებული, მყიფე და მცირე სუვერენიტეტი თითქმის აღარ რჩება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი ჩვენი სახელმწიფო თვითონ ვეღარ წყვეტს, როგორ იმუშაოს ცესკო-მ და როგორ დათვალოს ხმები, ის ვეღარ წყვეტს, ვინ დანიშნავს მოსამართლედ და ვინ არა, უცხოელების ჩარევის გარეშე და ის ვერ წყვეტს, როგორ ამუშაოს ანტიკოროფციული ინსტიტუტები და სტრუქტურები თავის შიგნით. ეს სამივე გახლავთ ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის საკვანძო, ფუნდამენტალური საკითხების გაქარწყლება, ფრაგმენტაცია.

როგორც არ უნდა გვიხსნიდნენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომ ეს ხდება საუკეთესო სურვილებით, რომ ისინი ჩვენ დაგვეხმარნენ ამ მიმართულებით, ეს ნიშნავს სუვერენიტეტის კიდევ უფრო შემცირებას და მის სანაცვლოდ მივიღეთ უბრალოდ კიდევ 400 მილიონი ევრო ვალი, რომელსაც ეს არაეფექტური, პოლიტიკური ისტებლიშმენტი შეჭამს ერთ-ორ თვეში, თუ უკვე არ შეჭამა ხელფასებში, პრემიებსა და თავისი არაეფექტური მმართველობის გახანგრძლივებაში, შეატოვებს ამ გაზრდილ ვალს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ვასაძის თქმით, საქართველოს საგარეო ვალი კატასტროფულ ნიშნულს აღწევს.

„სხვადასხვა შეფასება არსებობს, რა ციფრებით დავხურავთ 2021 წელს. ძნელია ზუსტი ციფრის დასმა, რადგან არ ვიცით მშპ რამხელა იქნება, მაგრამ იმ ციფრებიდან გამომდინარე, რაც ვნახე, პრაქტიკულად, შოკში ვარ, რადგან საქართველოს ვალი შეფარდებული მშპ-სთან აარტყამს. წელს ალბათ ნამდვილად ასცდება მშპ 60 პროცენტს, შეიძლება 70-საც. ეს კი ჩვენისთანა მყიფე და სუსტი ეკონომიკის პირობებში თითქმის ნიშნავს, რომ ჩვენ გვამზადებენ ე.წ. ბერძნული სცენარისთვის, როდესაც ქვეყანა კოტრდება საგარეო ვალების გამო. გაკოტრებული ქვეყანა კიდევ უფრო მეტ გაჭირვებას, დეპრესიას და უკან სვლას უქადის ამ ჩვენს ისედაც გაღატაკებულ და გაუბედურებულ მოსახლეობას. თუ ჩვენ რაღაცას ფუნდამენტურად არ შევცვლით, მათ შორის ეკონომიკაში, პოლიტიკურ სისტემასა და მმართველობის სტრუქტურებში, ეს რეალობა სულ ცოტა ხანში დაგვიდგება და ქვეყანა გადავა უკვე მრავალწლიანი პოსტბანკროტული რეალობის სიტუაციაში, სადაც საუკეთესო სურვილებით გამსჭვალული უცხოელი მრჩევლები ჩამოვლენ და მკაცრი სახეებით გვეტყვიან, რომ ამდენი ექიმი, პოლიციელი, მეხანძრე ჩვენ აღარ გვჭირდება. ეს კიდევ უფრო დაარტყამს როგორც დასაქმების სფეროს, ისე ჩვენი სოციალური ყოფის სტაბილურობის სფეროებსაც. მე არაფერს ვიგონებ, ამას უკვე პროგნოზიც აღარ ჰქვია, ეს არის რეალობა“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.