მიხეილ სარჯველაძე ანა ბუჩუკურის განცხადებას არადამაჯერებელს უწოდებს და ამბობს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ყურადღების მიქცევას ცდილობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებას ეხმაურება.
საუბარია განცხადებაზე, სადაც ანა ბუჩუკური ამბობს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთ აქტივისტ აკაკი ბართაიას იარაღი ჩაუდეს და ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნამ მასშტაბური ხასიათი მიიღო, რაშიც ხელისუფლება აქტიურად იყენებს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს.
როგორც სარჯველაძე აცხადებს, ეს ყველაფერი სინამდვილეს არ შეესაბამება და უბრალოდ ყურადღების მიქცევას ცდილობენ. ამასთან, მიხეილ სარჯველაძის თქმით, თუკი რაიმე ტიპის გადაცდომა მოხდა, ამას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
„არ მგონია, ეს დამაჯერებელი განცხადებები იყოს, თუმცა მესმის, რომ ცდილობენ პოლიტიკური ნიშა დაიკავონ, ყურადღება მიიქციონ და ამ თვალსაზრისით ცდილობენ, რომ დევნილის მანტია მოირგონ. სინამდვილეში, ასეთი მეთოდებით და ხერხებით, რეალურად არც არავის ვუპირისპირდებით, ბუნებრივია, არც იქნება ასეთი პრეცედენტები მოსალოდნელი და უბრალოდ, ლოგიკა არ არის ამ შემთხვევაში, რომ მსგავსი მეთოდები იყოს გამოყენებული. არ არის დამაჯერებელი და შესაბამისად, არ მგონია, რომ დიდ ყურადღებას იმსახურებდეს ასეთი ტიპის განცხადებები. კონკრეტული კრიმინალური შემთხვევები, რომელიც შეიძლება განსახილველი იყოს, ამისთვის არსებობს მართლმსაჯულების სისტემა და რამე გადაცდომას თუ ჰქონდა ადგილი, ეს არ ჩაივლის უკვალოდ, ამას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.