ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთ აქტივისტს, აკაკი ბართაიას იარაღი ჩაუდეს
ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთ აქტივისტს, აკაკი ბართაიას იარაღი ჩაუდეს

ყოველდღიურად მატულობს მმართველი პარტიის ხელმძღვანელების დავალებით ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით დევნის, დაშინების, თვალთვალის და მათი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პროცესმა მასშტაბური ხასიათი მიიღო.

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლი აკაკი ბართაია, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთი დაზარალებულია, ამჯერად „ქართული ოცნების“ მსხვერპლი გახდა, მას იარაღი ჩაუდეს. თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ ყოველდღიურად მატულობს მმართველი პარტიის ხელმძღვანელების დავალებით ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით დევნის, დაშინების, თვალთვალის და მათი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები. პოლიტიკური ნიშნით დევნამ, სამწუხაროდ, მასშტაბური ხასიათი მიიღო და სისტემური გახდა – ამ პროცესში ხელისუფლება აქტიურად იყენებს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს. შანტაჟის, დამუქრების, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, ახლა უკვე მმართველმა პარტიამ, დაიწყო დაჭერები – სამარცხვინო და უღირსი მეთოდის – ჩადების გამოყენებით. დღისით მზისით იარაღი ჩაუდეს და დააკავეს ჩვენი პარტიის მხარდამჭერი – აკაკი ბართაია, რომელსაც ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დაჭერით, რამდენიმე დღეში კი, მას იარაღი ჩაუდეს ავტომანქანის საბარგულში. ეს ფაქტი მოხდა 16 აგვისტოს, საქმის მასალები გუშინ საღამოს გახდა ადვოკატისთვის ცნობილი. საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენი გუნდი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეულ სამართლებრივ საკითხს, სწორედ ამიტომ ამ განცხადებას ვაკეთებთ დღეს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ საქმის მასალები და ვხედავთ, რომ საქმე არის შავზე თეთრით ნაკერი. კერძოდ, პარტიული საქმიანობის განხორციელების მიზნით, აკაკი ბართაია მიემგზავრებოდა სურამში, რა დროსაც მცხეთაში გააჩერა პოლიციამ და გადაიყვანა მანქანიდან. მისი მონაწილეობით ავტომობილის ჩხრეკის ჩატარებამდე, ის ჩასვეს ე.წ. ტაქსიში (პოლიციის შენიღბულ მანქანაში), სადაც გაჩერების მიზეზად ისევ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა დაუსახელეს.

ამ პერიოდში მეორე მანქანა ჩადგა ამ ტაქსსა და აკაკის მანქანას შორის ისე, რომ მთლიანად დაფარა მისი მანქანის ხილვადობა. შემდეგ კი, ის გადმოიყვანეს ტაქსიდან, მიიყვანეს მის კუთვნილ ავტომობილთან და მოსთხოვეს საბარგულის გახსნა, სადაც მას ედო სამგზავრო ჩემოდანი, რომელიც მეუღლემ ჩაულაგა გამგზავრებამდე. პოლიციელებმა გახსნეს ჩემოდანი და ამოიღეს იარაღი. ამ საფუძვლით მოხდა მისი დაკავება და შემდგომში ფიზიკური ძალის გამოყენებით ბიოლოგიური მისი მასალის (ნერწყვის) აღება, რა დროსაც მან მიიღო დაზიანება, რაც გვაძლევს მყარ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეს ბიოლოგიური მასალა სჭირდებოდათ შემდგომ ე.წ. ნივთმტკიცებაზე დეენემის კვალის დასატანად. აკაკი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, ის „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლი, ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთი დაზარალებულია, რაც სტრასბურგის სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით დაადასტურა. უკიდურესად სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, ლახავს ყოველგვარ წითელ ხაზებს და დაიწყო სწორედ იმ მეთოდების გამოყენება, რომელიც პრაქტიკულად ერთი ერთში ჰგავს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოყენებულ მეთოდებს. სწორედ იმ მეთოდებს, რასაც თავადაც ქართველ ხალხთან ერთად ებრძოდა 2011-2012 წლებში. ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხელისუფლებაში ადამიანის უფლებების დაცვის იდეით მოვიდა. დღეს ხელისუფლებამ უკვე სრულად დაკარგა ყოველგვარი მორალური მდგენელიც კი, – ის აღარ ერიდება ასეთი მძიმე და ტრაგიკული ისტორიის მქონე ადამიანებზე თავდასხმასაც. ალბათ, ხელისუფლება ეცდება, ამ სამარცხვინო ფაქტის გასამართლებლად აკაკი ბართაიას მიმართ ჩხუბის საქმეზე შეფარდებული გირაო, რომელზეც ჯერ განაჩენიც არ არის გამოტანილი, გამოიყენოს მის მიმართ, როგორც კომპრომატი, მაგრამ ეს ვერ გადაფარავს იმ ფაქტს, რომ აკაკი ბართაიას იარაღი ჩაუდეს და დააკავეს სწორედ პოლიტიკური ნიშნით. ვიცით, რომ დღეს ხელისუფლება ძალიან შეშინებულია და იყენებს მეთოდებს, რომელიც თავადაც ფაქტობრივად, აანონსებს საკუთარი ხელისუფლებაში ყოფნის დასასრულის დასაწყისს. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, სრულიად საერთაშორისო საზოგადოებას ვაყენებთ საქმის კურსში, ჩვენ დავიცავთ ჩვენს მხარდამჭერებს და მინდა, მათაც და თავად მმართველი პარტიის ხელმძღვანელებმაც კარგად იცოდნენ, რომ ცვლილებები გარდაუვალია“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

დატოვე კომენტარი