მიხეილ სარჯველაძე - ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმეზე დღეს უდავოდ დადასტურდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, პოლიტიკურ დევნაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია
მიხეილ სარჯველაძე - ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმეზე დღეს უდავოდ დადასტურდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, პოლიტიკურ დევნაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სპეკულაციებს ყველანაირი საფუძველი გამოეცალა და ოპონენტების მხრიდან პოლიტიკურ დევნასა და პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბრის არანაირი მიზეზი არ არსებობს.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს მიერ ფაქტის დადასტურების პრობლემა არ ყოფილა და ჩაითვალა, რომ ფაქტი არის დანაშაულებრივი.

„რა ჰქვია ამ დანაშაულს? – ეს არის თაღლითობა, ფულის გათეთრება, თუ სხვა რამ, ამაზე განსხვავებული შეხედულებები აღმოჩნდა და სასამართლომ თქვა, რომ ამას ჰქვია არა ამ კატეგორიის დანაშაული, არამედ სხვა კატეგორიის სახელწოდება, ოღონდ, ორივე შემთხვევაში, დანაშაული არისო. კერძოდ, რაზე არის საუბარი? ბანკში არსებული თანხები არასწორად ერთ სუბიექტზე გაიცა და იმ სუბიექტმა სესხი გამოიყენა არა იმ დანიშნულებით, რაზეც გაცემული იყო, არამედ ბანკთან დაკავშირებულ პირებს თანხა პირად ანგარიშებზე დაუბრუნა. ეს ფაქტები სასამართლოს მხრიდან სადავო არ გამხდარა“, – განაცხადა სარჯველაძემ, რომელიც ინტერესდება, დაცვის მხარე საქმის გასაჩივრებას რატომ აპირებს.

სარჯველაძის თქმით, დღეს უდავოდ დადასტურდა, რომ კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი იყო მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

„როგორ მიაჩნიათ, მართლზომიერი იყო, რაც გააკეთეს? არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დაზარალებული არ არსებობს. მთავარი საკითხი, რაც შეფასებას იმსახურებს, არის ერთი რამ – ქმედება, რომელიც ჩადენილია კონკრეტული პირების მიერ, არის თუ არა მართლსაწინააღმდეგო? დღეს უდავოდ დადასტურდა, რომ დიახ, ეს იყო მართლსაწინააღმდეგო აქტი. განსხვავებული პოზიციებია სამართლებრივი შეფასების საკითხში – რა ჰქვია ამ დანაშაულს. ყველანაირ საფუძველს მოკლებულია პოლიტიკურ დევნაზე ან თუნდაც უცნაურ ჩიხებზე საუბარი“, – დასძინა სარჯველაძემ.

საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები ფულის გათეთრების მუხლიდან თაღლითობის მუხლით გადააკვალიფიცირა, ისინი ამ მუხლით დამნაშავედ ცნო, საქმის ხანდაზმულობის გამო კი, საპატიმრო სასჯელი არ შეუფარდა.

დატოვე კომენტარი