მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანსა და პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ზაზა ლომინაძესთან ერთად, ბელგიის ფედერალური ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ მდივანს, დირკ რამაეკერსს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მიმართულებით არსებული გამოცდილება და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის, ციფრული ტრანსფორმაციისა და ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხებს.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იშვიათი დაავადებების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საკითხი დამატებით პროფესიულ განხილვასა და სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის უწყების ინფორმაციაში.
მიხეილ სარჯველაძემ ასევე გამართა შეხვედრა პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრთან, იოლანტა სობიერანსკა-გრენდასთან.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები და ჯანდაცვის სისტემების ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრული ჯანდაცვის განვითარებასა და ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციის მნიშვნელობას“, – ნათქვამია ჯანდაცვის უწყების ინფორმაციაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. შეხვედრებში ასევე მონაწილეობენ: ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე და ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.