მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა - საქართველო გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების გაძლიერების ერთგული რჩება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ჯანდაცვის რეფორმებზე, რომლებიც მოქალაქეებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ხაზი გაუსვა პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მნიშვნელობას, რომელიც ქვეყანაში ახლა ინერგება. მან ასევე ისაუბრა DRG ანაზღაურების მოდელის, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებისა და ინოვაციური პრეპარატების მწარმოებელი კომპანიებისგან პირდაპირი შესყიდვის მექანიზმის დანერგვის პოზიტიურ გავლენაზე.
„ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე თემით – „ერთიანი მსოფლიო ჯანმრთელობისთვის“. ეს თემა სრულად შეესაბამება საქართველოს ერთგულებას ძლიერი, ინკლუზიური და სამართლიანი ჯანდაცვის სისტემის შექმნისადმი, რომელიც არცერთ ადამიანს არ ტოვებს მიღმა. ამ მიზნით საქართველომ დაიწყო პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გარდამტეხი პროცესი. რეფორმის მიზანია ხელმისაწვდომობის გაზრდა, სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და უზრუნველყოფა იმისა, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა, ჰქონდეს წვდომა აუცილებელ ჯანდაცვის სერვისებზე. ხელმისაწვდომობა მაღალი სტანდარტების გარეშე დაუსრულებელი დანაპირებია, სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ სამედიცინო სერვისები იყოს ხელმისაწვდომი და მუდმივად მაღალი ხარისხის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით, ხაზს უსვამს ერთობლივი მოქმედების ეფექტურობასა და ჯანდაცვის სტრატეგიების მნიშვნელობას.
ჯანდაცვის სერვისებზე მდგრადი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ დანერგა DRG ანაზღაურების მოდელი, რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე და მწარმოებელი კომპანიებისგან ინოვაციური მედიკამენტების პირდაპირი წესით შესყიდვის მექანიზმი. ამ ინიციატივების შედეგად მოვახდინეთ ქრონიკული დაავადებების მართვისა და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე წლიური ლიმიტების გაუქმება და გავაუმჯობესეთ მოქალაქეების ფინანსური დაცულობა.
არცერთი უფლება არ საჭიროებს თანაბარ ხელმისაწვდომობას ისე მწვავედ, როგორც ჯანმრთელობის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ინტერესის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია, არცერთი აღემატება ჯანდაცვაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის აუცილებლობას. ჯანმრთელობა არ უნდა იყოს პრივილეგია, ეს არის უფლება და ამ უფლებასთან ერთად მოდის სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას ის.
ჩვენი ერთგულება თანასწორობის მიმართ ასევე აისახება ჩვენს პარტნიორობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც 2024 წელს განხორციელდა ჩვენი ჯანდაცვის უსაფრთხოების ძირითადი კომპონენტების ერთობლივი გარე შეფასება (JEE). შეფასების საფუძველზე შემუშავდა ეროვნული სამოქმედო გეგმა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის (NAPHS), რომელიც სრულადაა თანხვედრაში საერთაშორისო ჯანდაცვის რეგულაციებთან და მის დამტკიცებას მიმდინარე წელს ვგეგმავთ.
„ერთიანი მსოფლიო ჯანმრთელობისთვის“ – ამ ხედვით წინსვლისას საქართველო რჩება ერთგული პარტნიორობის გაძლიერების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე შეხვდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს, ჯანმო-ს ევროპის რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს; ასევე, გლობალური ფონდის წარმომადგენლებსა და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრს.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ასამბლეაში მონაწილეობს გაერო-ს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე.