მიხეილ სარჯველაძე – იზოლირებულად ვერ განვიხილავთ ადამიანის უფლებას, მივიდეს და აიღოს მედიკამენტი ჩანაცვლებითი თერაპიის ფარგლებში, ხელმისაწვდომობა უნდა არსებობდეს, მაგრამ ანგარიში უნდა გავუწიოთ სხვა ადამიანთა ინტერესებსაც

01:08, 28.06.2025

იზოლირებულად ვერ განვიხილავთ ადამიანის უფლებას, რომ მივიდეს და აიღოს მედიკამენტი ჩანაცვლებითი თერაპიის ფარგლებში. კარგია, ხელმისაწვდომობაც უნდა არსებობდეს და ყველაფერი, მაგრამ ანგარიში უნდა გავუწიოთ სხვა ადამიანთა ინტერესებს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

მიხეილ სარჯველაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შექმნის თუ არა ხელმისაწვდომობის პრობლემას მჭიდროდ დასახლებული ადგილებიდან ჩანაცვლების სერვისების მიმწოდებელი ობიექტების გატანა, რაც დაანონსდა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით რამდენად იქნებიან ჩართული, მათ შორის, მუნიციპალიტეტები, რადგან ერთ-ერთი ქალაქიდან იყო ასეთი შეტყობინება, რომ იქ არ მიდის შესაბამისი ტრანსპორტი, ბენეფიციარებს გადაადგილება უჭირთ და ა.შ.

„იმ ქალაქზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ქალაქის ყველაზე აქტიურ ცენტრში იყო განთავსებული ეს პუნქტი. არ მინდა, კონკრეტულად ვთქვა, ჯობს, ამისგან თავი შევიკავოთ და ეს, სამწუხაროდ, ძალიან ცუდად სანახავი იყო, პირდაპირ ვამბობ ამას, ეს არ იყო სასიამოვნო სანახავი. ჩემთვისაც კი, როდესაც პირადად მომინახულებია ეს ადგილი, სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ იყო. ახლა წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა განწყობა იქვე, იმავე ქალაქში, იმავე პუნქტის გვერდით მცხოვრები ადამიანების, ახლოს მდებარე სასკოლო, სასწავლო დაწესებულებებში მოსიარულე ადამიანებისთვის და ა.შ. ამის დაკვირვება, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სასიამოვნო. პუნქტებს როდესაც ვარჩევდით, არ იფიქროთ, რომ რომელიმე კვარტლის ან დასახლებული პუნქტის მოსახლეობისთვის სასიხარულო ამბავი იქნებოდა ეს გარემოება. ყველას აქვს გარკვეული წუხილი ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, არავის არ სურს, საკუთარ ეზოში იხილოს ასეთი პუნქტები და, შესაბამისად, ბუნებრივია, ამ ადამიანთა მოსაზრებებს პატივი უნდა ვცეთ. ამას ახლა რბილად ვლაპარაკობ, თორემ, რასაკვირველია, ეს აუცილებლად დასაცავი ინტერესია, რომელიც შეიძლება საზოგადოებას ჰქონდეს. ამიტომ, მე მესმის, რომ ხელმისაწვდომობის სურვილი დიდია, რომ რაც შეიძლება ახლოს და ყველა ფეხის ნაბიჯზე ასეთი პუნქტი არსებობდეს, მე მესმის ამ ადამიანების, მაგრამ ეს ასე ვერ იქნება. რასაკვირველია, მათ მოუწევთ გარკვეული, ასე ვთქვათ, დისკომფორტული გზის გავლა, თუმცა მათთვის ეს ხელმისაწვდომი იქნება. დიახ, ტრანსპორტიც იქნება, რა თქმა უნდა, და ყველაფერი იმისთვის, რომ მიაგნონ იმ პუნქტს, სადაც მიღწევადი იქნება ჩანაცვლებითი თერაპია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ქალაქის ცენტრში, ყველასთვის აბსოლუტურად თვალსაჩინოდ და ღიად. აქ ხომ მაინც ჯობია, რომ ვისაუბროთ, მაგალითად, კონფიდენციალურობაზე და ა.შ.?“ – განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი