მიხეილ სარჯველაძე - იმედი მაქვს, რომ არსებობს ოპოზიციაში ძალა, რომელთანაც შეიძლება, მოლაპარაკება იყოს წარმატებისკენ წარმართული
მიხეილ სარჯველაძე - იმედი მაქვს, რომ არსებობს ოპოზიციაში ძალა, რომელთანაც შეიძლება, მოლაპარაკება იყოს წარმატებისკენ წარმართული

მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს, ვინაიდან არსებობს ძალიან ბევრი განსახილველი საკითხი, ზოგადად, დემოკრატიაც ესე მუშაობს, რომ მოლაპარაკება არის მისი მთავარი ინსტრუმენტი ყველა პოლიტიკური აქტორისთვის, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი რეალურად მოლაპარაკებებისთვის გულწრფელად არის მზად.

„რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან ნამდვილ განწყობას და გულწრფელობას ამ მიმართულებით, რომ ისინი მზად არიან, რეალურად მოლაპარაკებაში მიიღონ მონაწილეობა, არამხოლოდ ფასადურად, არამედ რეალურად და ნაბიჯები გადადგან პროცესების ნორმალიზებისთვის, აი ამაში ნამდვილად შემიძლია, რომ ეჭვი შევიტანო და დიდი კითხვის ნიშანი დავსვა. მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციის ქმედებები, ნაბიჯები, გადაწყვეტილებები და რიტორიკაც არის თავსებადი გულწრფელობასთან მოლაპარაკებების პროცესში. ვგულისხმობ ოპოზიციის საკმაოდ დიდ ნაწილს, არა ყველას, რასაკვირველია. თუმცა იმედი მაქვს, რომ გამოჩნდება ოპოზიციაში ძალა და არსებობს ოპოზიციაში ძალა, რომელთანაც შეიძლება, მოლაპარაკება იყოს წარმატებისკენ წარმართული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, კვლავ მისცენ ვადა, ხელისუფლებას და გადადონ 25 თებერვალს დაანონსებული აქცია.