მიხეილ სარჯველაძე - იმედი მაქვს, პრეზიდენტის განცხადება დაკავშირებული იყო იმპიჩმენტის პროცესისას სხდომათა დარბაზში არშესვლასთან და არ იყო მოწოდება ქუჩაში გასვლაზე
მიხეილ სარჯველაძე - იმედი მაქვს, პრეზიდენტის განცხადება დაკავშირებული იყო იმპიჩმენტის პროცესისას სხდომათა დარბაზში არშესვლასთან და არ იყო მოწოდება ქუჩაში გასვლაზე

საქართველოს პრეზიდენტს არ შეშვენის უსაფუძვლო თავდასხმა საკონსტიტუციო სასამართლოზე და მის მოსამართლეებზე. მცირედი პატივისცემა მაინც უნდა ჰქონდეს საკუთარი თავისადმი, ქვეყნისადმი და საკუთარი ინსტიტუტისადმი, რომელსაც წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადების იმ ნაწილს, რომელიც იმპიჩმენტის განხილვისას პარლამენტის სხდომათა დარბაზში ყოფნა-არყოფნის საკითხს ეხება, მიხეილ სარჯველაძე იმედოვნებს, რომ ეს არ იყო მოწოდება ქუჩაში გასვლაზე.

„იმედი მაქვს, ეს არ იყო მოწოდება ქუჩაში გასვლაზე. პრეზიდენტს კარგად უნდა ესმოდეს, რომ პოლიტიკის კეთება ხდება დარბაზებში, მოლაპარაკებების მაგიდასთან. იმედი მაქვს, ეს განცხადება დაკავშირებული იყო სხდომათა დარბაზში არშესვლასთან. ესეც განპირობებულია ერთადერთი ფაქტორით, ოპოზიციის რიგებში, ვისაც ეყრდნობოდა პრეზიდენტი, როცა გადაწყვიტა, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ემოქმედა, იმათთან მიმართებაშიც კი არ აქვს მყარი დასაყრდენი, სანდოობა. აქედან გამომდინარეა მოწოდებაც, რომ დარბაზში კენჭისყრის დროს ვინმე არ იყოს. როგორც ჩანს, ზედმეტად უფრთხილდება თავის სკამს, უფრთხილდება იმ ფონზე, როცა მან კარგად იცის, რომ დაპირისპირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველოს კონსტიტუციასთან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კითხვაზე, „პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დროს, მისცემთ თუ არა პრეზიდენტს საშუალებას სიტყვით გამოვიდეს“, სარჯველაძემ აღნიშნა:

„ამაზე წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიციის ქონა არ შეიძლება. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის თავად მის პოზიციაზე. პროცედურა როდესაც დაიწყება, გამოჩნდება, როგორ უნდა იქნას გადაწყვეტილი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძეს კიდევ ერთი კითხვით მიმართეს პრეზიდენტის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად“.

„ეს ერთ-ერთი ყველაზე მდაბიო განცხადება იყო, რომელიც პრეზიდენტმა გააკეთა. მდაბიო და პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეუფერებელი განცხადება იყო. მგონი, ყველასთვის გასაგებია, რომ ახლა მუქარების ძახებას, სჯობდა, წინდახედულობა გამოეჩინა, როდესაც „გაბედულ“ გადაწყვეტილებას, კონსტიტუციასთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას იღებდა. უმნიშვნელო ფაქტორი არ გახლავთ, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დამტკიცდა. დაარღვია არა შემთხვევით, არამედ გამიზნულად, რათა გარკვეული მოტივაციით დაპირისპირებოდა საქართველოს კონსტიტუციას. არცერთი იდეა არ ამართლებს არაკონსტიტუციურ მოქმედებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა: „არ გადავდგები, არ გადმოვდგები, პარლამენტშიც მივალ. მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, ძლიერი სურათი თუ უნდათ, გარეთ დადგნენ, შიგნით მე ვიქნები“.