მიხეილ სარჯველაძე - ვიმედოვნებ, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საკუთარ მოვალეობებთან დაკავშირებით კეთილსინდისიერადაა განწყობილი, დაკისრებული ფუნქციების შესრულებას დაიწყებს
მიხეილ სარჯველაძე - ვიმედოვნებ, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საკუთარ მოვალეობებთან დაკავშირებით კეთილსინდისიერადაა განწყობილი, დაკისრებული ფუნქციების შესრულებას დაიწყებს

არ მგონია, რომ ოპოზიციის კონსოლიდაცია სრულყოფილია, რადგან დაგროვდა ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც ოპოზიციის ფლანგებს შორის კონცეპტუალური შეხედულებები თვისებრივად განსხვავებულია, ასეც უნდა იყოს. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ აბსოლუტურად დესტრუქციულ დამოკიდებულებას ვაწყდებოდით, რაც დიდი ხანი არ და ვერ შენარჩუნდებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

სარჯველაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციურ ძალებს შორის საღი აზრი გაიმარჯვებს და შეთანხმება მიიღწევა.

„იმედი მაქვს, ოპოზიციურ ძალებს შორის საღი აზრი იმარჯვებს და შევძლებთ, ოპტიმალურ შეთანხმებას მივაღწიოთ. არსებობს პოლიტიკური ძალები, რომელთათვისაც არჩევნების ის შედეგი, რაც გვაქვს, უბრალოდ მიუღებელია და არ სურთ, შეასრულონ ფუნქცია სხვა პირობებში, ხელისუფლების ხელში აღების გარდა. მათი მოტივაცია გასაგებია, რომელიც იმთავითვე დესტრუქციული და მავნებლურია. ეს არ ეხება მთლიანად ოპოზიციას და იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საკუთარ მოვალეობებთან დაკავშირებით კეთილსინდისიერად არის განწყობილი, აუცილებლად დაიწყებს დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.