მიხეილ სარჯველაძე - გამოხატვის თავისუფლება დაცულია კონსტიტუციით, პრაქტიკულადაც, თუმცა კონკრეტული უფლების განხორციელება სამართალდარღვევის ფორმას როცა იღებს, ეს არ არის დასაშვები
მიხეილ სარჯველაძე - გამოხატვის თავისუფლება დაცულია კონსტიტუციით, პრაქტიკულადაც, თუმცა კონკრეტული უფლების განხორციელება სამართალდარღვევის ფორმას როცა იღებს, ეს არ არის დასაშვები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ საერჯველაძის განცხადებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის ვერც ერთი შინაარსობრივი არგუმენტი ვერ მოისმინა.

„ვერ მოვისმინე ვერც ერთი შინაარსობრივი არგუმენტი, რომლითაც შეიძლება, რამენაირად გაეკრიტიკებინათ გადაწყვეტილება, რომელსაც ასახავს ეს კანონპროექტები. იყო საუბრები დაჩქარებულად განხილვასთან დაკავშირებით, იყო კრიტიკული მოსაზრებები, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდანაც, ეს ლოგიკასთან ახლოა, თუმცა კანონპროექტის არსთან მიმართებაში ასეთი შენიშვნები გამოხატული არ ყოფილა.

რაც შეეხება საუბარს იმის თაობაზე, რომ თავდაპირველი რედაქცია უნდა აღდგეს და ასეთი კანონპროექტი იქნება ინიცირებული, მაგალითად, ეს ერთ-ერთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგო იქნება და, სიმართლე გითხრათ, არ მესახება, ეს როგორ უნდა გაკეთდეს, თუმცა თუ იქნება წარმოდგენილი რაიმე ინიციატივა, რომელიც მოითხოვს განხილვას, ბუნებრივია, ამას განვიხილავთ და მეტი გვეცოდინება იმ ჩანაფიქრების შესახებ, რომელიც შეიძლება, ჰქონდეს ოპოზიციას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე შეფასებით, ცვლილებები არ ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას.

„პირდაპირ ვამბობ, ეს გამორიცხულია. პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის განმეორებით შემთხვევაში პასუხისმგებლობის გამკაცრება რატომ შეიძლება იყოს წინააღმდეგობაში გამოხატვის თავისუფლებასთან, ეს ჩემთვის ნამდვილად არ არის დამაჯერებელი დასაბუთება და ვფიქრობთ, რომ ამის გაზიარებისთვის არავითარი წინაპირობა არ არსებობს. არსებობს გამოხატვის თავისუფლება, ეს დაცულია ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, პრაქტიკულადაც დაცულია. თუმცა კონკრეტული უფლების განხორციელება სამართალდარღვევის ფორმას როდესაც იღებს, ეს, რა საკვირველია, არ არის დასაშვები ფარგლები“, – აღნიშნა სარჯველაძემ.