მიხეილ სარჯველაძე, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ბიოუსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე კომპანია Perimeter-ის წარმომადგენლებს შეხვდა

10:24, 25.09.2026

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ბიოუსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მიმართულებით მომუშავე კომპანია Perimeter-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ჯანმრთელობის უსაფრთხოების, ბიოუსაფრთხოების, ბიოლოგიური საფრთხეების ადრეული გამოვლენისა და მათზე დროული რეაგირების საკითხებზე ისაუბრეს.

„აქცენტი გაკეთდა ბიოლოგიური საფრთხეების ადრეული გამოვლენის, მათი მონიტორინგისა და შესაძლო რისკებზე დროული რეაგირების საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა ინფექციური საფრთხის უფრო სწრაფად გამოვლენას, გავრცელების მონიტორინგსა და რისკების შეფასებას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და ბიოუსაფრთხოების სფეროში ახალი ინიციატივების განხორციელების საკითხები.

შეხვედრას ესწრებოდნენ Perimeter-ის საერთაშორისო პროგრამების მართვის დირექტორი იოჰანა ფერსი, პროგრამების მართვისა და სტრატეგიული ინიციატივების უფროსი სპეციალისტი ლორენ როსი, ფინანსური დირექტორი თიჯეი ჩაილდრესი და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სულაბერიძე“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

მსგავსი