მიხეილ სარჯველაძე - ფუჭი მცდელობაა, დაკნინდეს თეა წულუკიანის ღვაწლი, ხელები შორს რეფორმებთან მიმართებით
მიხეილ სარჯველაძე - ფუჭი მცდელობაა, დაკნინდეს თეა წულუკიანის ღვაწლი, ხელები შორს რეფორმებთან მიმართებით

მინდა, გამოვეხმაურო რამდენიმე საკითხს, რაც აქ პოლიტიკური განცხადებების დროს გაკეთდა. განსაკუთრებით ბატონი ალეკო ელისაშვილის გასაგონად მინდა, რამდენიმე საკითხზე  გავამახვილო ყურადღება. გავბედავ და ამას აუცილებლად დავარქმევ პოლიტიკურ უმწიფრობას, როდესაც აბოსლუტურად უცნაური შეხედულებებია ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან დაწყებული, სასამართლო ხელისუფლების ადგილისა და როლით, ასევე, იუსტიციის მინისტრის შესაძლებლობებით დამთავრებული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისტიტუციური დემოკრატიის განვითარების მხრივ, საქართველოს ისტორიის მანძილზე იმდენი არ გაკეთებულა, რაც ბოლო წლებში განხორციელდა. თუმცა, როგორც სარჯველაძე ამბობს, ამ მიმართულებით კვლავაც ბევრია გასაკეთებელი და მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

„რაც შეეხება შეფასებებს სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით, პრინციპში, ამაზე მეტყველებს სამი ტალღა რეფორმებისა, რომლებიც ჩატარდა და რომელიც არა მხოლოდ აღიარებულია წარმატებულ რეფორმებად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსთან ერთად, არამედ ბევრ შემთხვევაში, კონკრეტული ფაქტის დონეზე არსებობს განხილვადი მტკიცებულებები, რომლებიც სრულიად საპირისპიროს ამბობს.

ახლა როგორიც არ უნდა იყოს აგდებული ლაპარაკი რომელიმე პოლიტიკოსის მხრიდან, ამ ფაქტს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადაფარავს. რასაკვირველია, ეს არის ფუჭი მცდელობა, თუნდაც იმ შესაძლებლობების, ღვაწლის დაკნინება მოხდეს, რაც ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრომ, პირველ რიგში, კი თეა წულუკიანმა ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ განახორციელა. რის შედეგადაც, სასამართლო ხელისუფლება, ის რაც კონსტიტუციური ღირებულებაა თანამედროვე ქვეყნებისთვის, თავის ადგილას დადგა. მაგალითად, ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარების მხრივ ამდენი საქართველოს ისტორიის მანძილზე არ გაკეთებულა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის, რაც გაკეთდა ბოლო რამდენიმე წლის და მათ შორის თუნდაც მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღის დროს. ამდენად, რასაკვირველია, უნდა ვთქვათ, რომ ხელები შორს რეფორმებთან მიმართებით, რომლებიც რეალურად განხორციელდა და მივიღეთ ის, რასაც უკეთესი მართლმსაჯულება ჰქვია. თუმცა, მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, ბევრი რამ უნდა გაგრძელდეს, მაგრამ სტარტი, რა თქმა უნდა, იმედისმომცემია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა, რომ ყველაზე მეტად ეიმედებოდა ერთი გოგო, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა და ლამის ხოტბას აღუვლენდა ხოლმე. ელისაშვილის თქმით, მან ჩააფლავა მართლმსაჯულება.