მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული ნივთიერებების ბრუნვის კუთხით ვაწარმოებთ მონიტორინგს, ყველა სამართალდარღვევას მოჰყვება პასუხისმგებლობა, ვერ გამოვრიცხავ სისხლისსამართლებრივ დევნასაც
მიხეილ სარჯველაძე - ფსიქოტროპული ნივთიერებების ბრუნვის კუთხით ვაწარმოებთ მონიტორინგს, ყველა სამართალდარღვევას მოჰყვება პასუხისმგებლობა, ვერ გამოვრიცხავ სისხლისსამართლებრივ დევნასაც

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა რეფორმაზე, რომელიც ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს უკავშირდება.

მედიის წარმომადგენელმა ჯანდაცვის მინისტრს კითხვა დაუსვა, რა შედეგი მოიტანა კერძო სუბიექტებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვამ და რა მიზნით განხორციელდა აღნიშნული რეფორმა.

„ესეც ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი, რეფორმაა. ამ შემთხვევაში საკითხი ეხება ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. მიზანია, მაქსიმალურად შეიზღუდოს კომერციული ინტერესი. არ შეიძლება, სისტემა იმგვარად იყოს ჩამოყალიბებული, რომ კომერციული ინტერესი წინააღმდეგობაში მოდიოდეს პაციენტის, ჯანდაცვის ინტერესთან. ცალკეულ იმპორტიორებს ჰქონდათ დიდი კომერციული ინტერესი, რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო მედიკამენტების მოხმარება. მეტი რეალიზაციის შემთხვევაში მათი კომერციული ინტერესი მზარდია. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, აბსოლუტურად მართებულია გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია და რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ჩაანაცვლებს ამ კატეგორიის მედიკამენტების იმპორტს, ამ შემთხვევაში  – კერძო კომპანიებს. არავინ უნდა იყოს დაინტერესებული, მედიკამეტები გამოიყენებოდეს არა დანიშნულებისამებრ, სამკურნალოდ, არამედ ბოროტად. ეს კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფსიქოტროპული ნივთიერებების ბრუნვის მიმართულებით მონიტორინგი მიმდინარეობს.

„მოგეხსენებათ, მხოლოდ იმპორტიორები არ წარმოადგენენ საკითხთან დაკავშირებულ პირთა წრეს. აქ არიან ექიმები, აფთიაქები, გარკვეული წრე, რომლებიც მედიკამენტებთან დაკავშირებით ბრუნვაში არიან ჩართული. ამ კუთხით, სამწუხაროდ, სერიოზული ნაკლოვანებებია. ალბათ ახლო მომავალში საზოგადოებას კონკრეტულად მივაწვდით ინფორმაციას, როგორია პრაქტიკა, მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები იქნება გამოკვეთილი, გვექნება მოწოდება თითოეული ექიმის, აფთიაქის, ადამიანის მიმართ, რომელიც შეიძლება, გარკვეულ შემხებლობაში იმყოფებოდეს ამ სამკურნალო საშუალებებთან. ყველას მიმართ გვექნება მოწოდება, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ბოროტმოქმედებისგან, ფრთხილად იყვნენ. ეს იქნება ჩემი თხოვნაც და გაფრთხილებაც. არავითარი უფლება არ გვაქვს, არ ვიყოთ შეურიგებელნი ასეთ მოვლენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კითხვაზე, – „შესაძლოა თუ არა ვიხილოთ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა?“ – სარჯველაძემ აღნიშნა:

„შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვავლინოთ ყველა სამართალდარღვევა. ამას შედეგად მოჰყვება რელევანტური სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმები. უმრავლეს შემთხვევაში, შეიძლება იყოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ვერ გამოვრიცხავ, რომ ცალკეული სამართალდარღვევის შემთხვევაში ადგილი ჰქონდეს სისხლისსამართლებრივ დევნას“.