მიხეილ სარჯველაძე - ფოტიგა ამბობს, რომ სააკაშვილი დაუსაბუთებელი ბრალდებით ზის ციხეში, მან კითხვა უნდა დაუსვას სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც სააკაშვილის ნამოქმედარით გაოგნებული დარჩა
მიხეილ სარჯველაძე - ფოტიგა ამბობს, რომ სააკაშვილი დაუსაბუთებელი ბრალდებით ზის ციხეში, მან კითხვა უნდა დაუსვას სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც სააკაშვილის ნამოქმედარით გაოგნებული დარჩა

ანა ფოტიგა რატომღაც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუსაბუთებელი ბრალდებით ზის ციხეში. ამაზე მან კითხვა უნდა დაუსვას სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის ნამოქმედარით გაოგნებული დარჩა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ანა ფოტიგამ უნდა იცოდეს, რომ ვალერი გელაშვილის საქმეზე საქართველოშიც კი არავის ეპარება ეჭვი, რომ სააკაშვილს ბრალი მიუძღვის.

„ფოტიგა ოდესმე ვალერი გელაშვილს შეხვედრია და ეჭვი აქვს, რომ მისი სიკვდილის პირამდე მიყვანის ფაქტში არავითარი წვლილი არ აქვს სააკაშვილს? ასე თუ ფიქრობს, მისი პრობლემაა. მინდა, იცოდეს, რომ, მგონი, საქართველოში სააკაშვილის მომხრეებსაც არ ეპარებათ ეჭვი, რომ მას ამ საქმეში ბრალი მიუძღვის. ამიტომაც საქართველოში არავინ ბედავს საუბარს, რომ გელაშვილის საქმეზე მას ბრალი არ აქვს. „პიჯაკების საქმედ“ რომ მონათლეს, საქმე მართლა საპიჯაკოდ კი არ იყო, ნეტა მართლა პიჯაკები ყოფილიყო და არა – გაფლანგული მილიონები. მაშინ ახსნან, შეიძლება თუ არა, ევროპულ სახელმწიფოში გახდომის კურსისთვის ბიუჯეტიდან იხარჯებოდეს თანხები? თუ შეიძლება და ასეც მიაჩნია, ვერ დავეთანხმები. იმ პრინციპით თუ ვიხელმძღვანელებთ, რომ ენას ძვალი არ აქვს და განცხადებებზე პასუხისმგებლობა არ გვაქვს, მაშინ, კი ბატონო, შეგვიძლია, ყველაფერი ვთქვათ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სააკაშვილისთვის ჯილდოების გადაცემა ქართველი ხალხისთვის კომიკურად გამოიყურება.

„ქართველი ხალხისთვის ეს ყველაფერი კომიკურად გამოიყურება. შეიძლება, ევროპაში ვინმეს გულით უნდა, რომ სააკაშვილი კვლავ გახდეს ხელისუფალი საქართველოში. ასეთ დროს ინსტრუმენტებიც რელევანტური უნდა იყოს. საქართველოს მოქალაქეებს იმას ეტყვი, რომ სააკაშვილს ევროპა აჯილდოებს თავისუფლებისთვის შეტანილი წვლილისთვის? პოლიტიკამ ადამიანების გართობა იცის, შეიძლება, ისეთ სიშორეებს მისწვდნენ, რომ რაღაც ეტაპზე გონივრული განსჯის უნარი დაკარგონ. როგორც ჩანს, ასეა. სხვათა შორის, ეს ახალი არ არის. ასეთი უცნაურობები ხდებოდა ხოლმე. შეიძლება, პირდაპირი პარალელი არ გამოდის, მაგრამ 1939 წელს ადოლფ ჰიტლერი ნობელის ლაურეატი იყო მშვიდობის დარგში. პოლიტიკაში ადამიანები ერთობიან და უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებენ ხოლმე. საბედნიეროდ, გადაწყვეტილების მიღება აღარ მოხდა. პოლიტიკოსები რომ ჩარეულიყვნენ, შეიძლება, ის ჯილდო მიეღო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.