მიხეილ სარჯველაძე - ფარული ჩანაწერების ამსახველი მასალების გამოქვეყნება შეიძლება იყოს იმ ძალების ინტერესებში, ვისი სურვილიც არის ქვეყანაში წყლის ამღვრევა და მეტი დესტრუქცია
მიხეილ სარჯველაძე - ფარული ჩანაწერების ამსახველი მასალების გამოქვეყნება შეიძლება იყოს იმ ძალების ინტერესებში, ვისი სურვილიც არის ქვეყანაში წყლის ამღვრევა და მეტი დესტრუქცია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფარული ჩანაწერების ამსახველი მასალების გამოქვეყნება შეიძლება იყოს იმ ძალების ინტერესებში, ვისი სურვილიც არის ქვეყანაში დესტრუქცია.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება, რომელმაც შედეგი უნდა დადოს.

„ფარული ჩანაწერების ამსახველი მასალების გამოქვეყნება შეიძლება იყოს იმ ძალების ინტერესებში, ვისი სურვილიც არის, ქვეყანაში წყალი აიმღვრეს, მეტი საქმე გაფუჭდეს და მეტი დესტრუქცია იყოს. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ეჭვმიტანილთა რიგი საკმაოდ ვრცელია, თუმცა არიან მეტად ეჭვმიტანილი და ნაკლებად ეჭვმიტანილი ძალები. ამ თვალსაზრისით დომინირებს და ლიდერობს ოპოზიციური ძალა. ამ მიმართულებით დაწყებულმა გამოძიებამ უნდა იმუშაოს და თავისი სიტყვა თქვას. ვგულისხმობ იმ ოპოზიციურ ძალას, რომელიც მეტი დესტრუქციულობით გამოირჩევა. ეჭვმიტანილი არის „ნაციონალური მოძრაობა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომის მოთხოვნას, სარჯველაძის განმარტებით, ლილუაშვილი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი, კეთილსინდისიერი პიროვნება და ქვეყნის პატრიოტი ადამიანია.

„საქმე საპასუხისმგებლოდ ნამდვილად არ დგას, რადგან გრიგოლ ლილუაშვილს ვიცნობ, როგორც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს, კეთილსინდისიერ პიროვნებას, ქვეყნის პატრიოტს. დესტრუქციული, ოპოზიციური ძალების მცდელობაა, სახელწიფო ინსტიტუტებზე მიიტანონ იერიში და ძირი მოურყიონ. უმჯობესი იქნება, გამოძიების რეზულტატს დაველოდოთ და ფაქტებზე ამის შემდეგ ვისაუბროთ.

რაც შეეხება პრობლემის არსებობას, მგონი, ყველანი შეთანხმებული ვართ, რომ სისაძაგლეა უმიზეზოდ და არადანიშნულებისამებრ ვიღაცის მიერ ვინმეს მოსმენა. ეს კატეგორიულად მიუღებელია. მგონია, რომ გამოვლინდება ბევრი ისეთი საინტერესო ფაქტი, რაც წინასწარ გაკეთებულ შეფასებებს და მოსაზრებებს დაანგრევს. მაგალითად, ის, თუ ვის შეიძლება მიუძღვოდეს ბრალი ცალკეულ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ფარულ მოსმენებს უკავშირდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან იგი შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.