მიხეილ სარჯველაძე - ევროკომისიის რეკომენდაციების მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ამოცანის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფმა საკანონმდებლო ინიციატივის პირველადი ვერსიები უკვე მოამზადა
მიხეილ სარჯველაძე - ევროკომისიის რეკომენდაციების მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ამოცანის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფმა საკანონმდებლო ინიციატივის პირველადი ვერსიები უკვე მოამზადა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ევროკომისიის რეკომენდაციების მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ამოცანის შესასრულებლად მიმდინარე პროცესის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.

სარჯველაძის თქმით, კანონპროექტის პირველადი ვერსიები უკვე მომზადებულია.

„როგორც ცნობილია, ევროკომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოსთვის განისაზღვრა 12 ამოცანა იმავე გადაწყვეტილებით დადასტურებული ევროპული პერსპექტივის შემდგომი პროგრესის უზრუნველსაყოფად. ამ ამოცანათა შორის მე-11 გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას, რომლის შედეგადაც წახალისდება და გაიზრდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მეშვეობით დამკვიდრებული პრაქტიკის გამოყენება საქართველოს სასამართლოების იურისპრუდენციაში. როგორც ცნობილია, ჩვენს მიერ შემოთავაზებული გეგმის მიხედვით, ამ ამოცანაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი იმუშავებს.

მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია აღნიშნული ამოცანის შესრულების პროგრესის შესახებ. კომიტეტმა აქტიურად დაიწყო მუშაობა აღნიშნულ ამოცანაზე. ამ მიზნით გასულ კვირას შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც, უმრავლესობის წევრი დეპუტატების გარდა, ერთიანდებიან ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატი, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მინდა, აქვე ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მუშაობაზე მზადყოფნა განაცხადა და რეალურადაც ჩაერთო ქვეყნისთვის თავისთავად მეტად მნიშვნელოვან საქმეზე მუშაობის პროცესში.

სამუშაო ჯგუფმა წინა კვირაშივე გამართა გაფართოებული შეხვედრა საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებასთან. შეხვედრაზე შეგროვდა იდეები და ინიციატივები აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად. ამის საფუძველზე სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული იქნა პირველადი ვერსიები საკანონმდებლო ინიციატივისა, რომელიც უკვე გაეგზავნა შესაბამის დაინტერესებულ პირებს. ეს სამუშაო ვერსიები ასევე გამოქვეყნდა პარლამენტის ვებგვერდზეც.

ამ პროექტებზე გაგრძელდება მუშაობა, რომლის შედეგადაც განსაზღვრულ ვადაშივე შესაძლებელი იქნება საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობის დასრულება და მისი წარდგენა ჯერ კომიტეტის სხდომაზე, ხოლო შემდგომ მისი ინიციირება. ჩვენ მომავალშიც უზრუნველვყოფთ საზოგადოების ინფორმირებულობას ზემოაღნიშნული გეგმის შესრულების ირგვლივ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.