მიხეილ სარჯველაძე - ევროკავშირის რეკომენდაციებზე ყველა იდეისთვის კარი ღია დარჩება, თუმცა ცალკეულ საკითხებზე შესაძლოა, განსხვავებული მოსაზრება იყოს, მაგალითად, მიშელის დოკუმენტის აღდგენაზე
მიხეილ სარჯველაძე - ევროკავშირის რეკომენდაციებზე ყველა იდეისთვის კარი ღია დარჩება, თუმცა ცალკეულ საკითხებზე შესაძლოა, განსხვავებული მოსაზრება იყოს, მაგალითად, მიშელის დოკუმენტის აღდგენაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ჩართულობით მიმდინარე სამუშაო ჯგუფებისგან ოპოზიციის ნაწილის გამიჯვნას დიდ შეცდომად აფასებს.

მისივე თქმით, მცდარი იყო მიმართულება, რომ ალტერნატიულ გეგმაზე ემუშავათ.

„ოპოზიციის განცხადება სამუშაო ჯგუფისგან გამიჯვნაზე იყო უზარმაზარი შეცდომა. ეს შეცდომა განპირობებული იყო დესტრუქციული გეგმის განხორციელებისთვის კონტექსტის შექმნის დიდი სურვილით. მცდარი იყო მიმართულება, რომ ალტერნატიულ გეგმაზე ემუშავათ. მათ მიერ დასახელებული არც ერთი მიზეზი არ აღმოჩნდა არც ნამდვილი და არც სწორი. ბოლოს ითქვა, რომ ალტერნატიულ კანონპროექტებზე მუშაობდნენ და ესეც მტკნარი ტყუილი აღმოჩნდა. თავიდანვე მიმაჩნდა, რომ მათი გეგმა იყო აბსოლუტურად მცდარი და არასწორი. მივესალმები იმის აღიარებას, რომ მათ შეცდომა დაუშვეს და ასე მუშაობა არ ივარგებს. უნდა ჩაერთონ მუშაობის პროცესში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, განიხილავენ ოპოზიციის ყველა იდეას, თუმცა შესაძლოა, ცალკეულ საკითხებზე, მაგალითად, შარლ მიშელის დოკუმენტის აღდგენაზე, განსხვავებული მოსაზრება იყოს.

„რაც შეეხება მათი მხრიდან საბაზისო მიდგომებს, ამას საბაზისოს დავარქმევთ, ფაკუტატურს თუ ნებისმიერ სხვას, ყველა იდეისთვის როგორც აქამდე იყო ღია კარი, ასე დარჩება. თუმცა, ცალკეულ საკითხებზე შესაძლოა, განსხვავებული მოსაზრება იყოს, მაგალითად, შარლ მიშელის დოკუმენტის აღდგენაზე. მგონი, თავადაც იციან, რომ ეს სწორი არ არის. მიშელის დოკუმენტის არსი იყო, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას ერთად ემუშავათ. ხელისუფლებამ ამისთვის კარი გახსნა ფართოდ, ოპოზიციამ ამისგან თავი შეიკავა. თუ ამ დროს ვინმეს სჭირდება, მიშელის დოკუმენტის პათოსის შეხსენება, ეს არის ოპოზიცია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ რეკომენდაციებზე მუშაობის ტემპი დასაწუნი არ არის და ყველა მიმართულებით სერიოზული წინსვლაა.

„ოპოზიციის მხრიდან იმაზე მეტად უზოგადეს საუბარს მოისმენთ, ვიდრე შეიძლება, პასუხისმგებლიან პოლიტიკოსს შეეფერებოდეს. არგუმენტი თქვან, რის გამოც შესრულებულ მე-11 პუნქტს იწუნებენ. ისინი ძალიან ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებიან. რეალურად, არც ტემპს დაეწუნება რამე, არც შინაარსს, ყველა მიმართულებით სერიოზული წინსვლაა. ნაწილის შედეგი უკვე ნახეთ, ნაწილზე მუშაობა გრძელდება. უზარმაზარი სამუშაოა გაწეული ორგანიზებულ დანაშაულზეც. ოპოზიციის ნაწილმა თავი არ შეიწუხა, რომ ამ ფორმატში მოსულიყო. დისკუსიისთვის ყველა ფანჯარაა გახსნილია და მათ ჩართულობას ველოდებით. თითოეულ პუნქტზე თქვან, რას მოისაკლისებენ თუნდაც ტემპის კუთხით და თუნდაც შინაარსზე. რეალური სათქმელი არ აქვთ. პროცესი სწრაფი ტემპით შეუქცევადად მიმდინარეობს წინსვლისკენ და არ მგონია, ვინმეს კრიტიკისთვის საფუძველი ჰქონდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციაზე მომუშავე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საერთო საკანონმდებლო ინიციატივებისა და ცვლილებების ბაზისური პაკეტი შეიმუშავეს. ბაზისურ მიდგომებს შორისაა შარლ მიშელის დოკუმენტი და ნათქვამია, რომ დეპოლარაზაციის მიმართულებით 19 აპრილის შეთანხმებაში დაბრუნება პრინციპულად მიაჩნიათ.