მიხეილ სარჯველაძე  - ევროკავშირიდან ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირის ვიზიტი დიდ მნიშვნელობას ატარებს საქართველოსთვის, რომლის მთავარი მისწრაფებაც ევროკავშირის წევრობაა
მიხეილ სარჯველაძე - ევროკავშირიდან ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირის ვიზიტი დიდ მნიშვნელობას ატარებს საქართველოსთვის, რომლის მთავარი მისწრაფებაც ევროკავშირის წევრობაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ევროკავშირიდან ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირის ვიზიტი დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

მისივე თქმით, ასოცირებული ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველოა, რომლის მთავარი მისწრაფებაც ევროკავშირის წევრობაა, ასეთი ვიზიტები ევროკავშირისკენ ურყევ გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმის კარგი შესაძლებლობაა.

„პრაქტიკულდ ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, როგორც ასოცირების გეგმის განხორციელების პროცესში, იქნება განხილვის და მსჯელობის საგანი. ასეთი ვიზიტები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს გაცხადებული მიზანი, რომ 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე  და აქეთკენ ისწრაფვოდეს მთელი თავისი შესაძლებლობით. რაც შეეხება ვიზიტის კავშირს მოლაპარაკებებთან, ეს ვიზიტი ბევრად ადრე დაიგეგმა, ამიტომ არ მგონია, რომ ეს ერთი მეორესთან კავშირში იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი დაიწყო. შარლ მიშელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. შარლ მიშელი ასევე შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაემგზავრება საოკუპაციო ხაზთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.