მიხეილ სარჯველაძე – ექიმმა 85 წლის პაციენტი არ მიიღო მიზეზით, თითქოს ადგილები არ იყო, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ჯუმბერ ბოლქვაძემ 85 წლის პაციენტი არ მიიღო მიზეზით, თითქოს ადგილები არ იყო, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ბათუმთან დაკავშირებით, ვითარება არის დაახლოებით ასეთი – ივნისის დასაწყისში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალს ოპერაციის შემდგომი გართულების გასწორება დასჭირდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური დაუკავშირდა კლინიკას, თუმცა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა პაციენტის მიღებაზე, მიზეზის დაუკონკრეტებლად, განაცხადა უარი. იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, როგორც ემერჯენსის განყოფილებაში, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში. ამის დასტურია ის, რომ როდესაც ჩავერიე მე პირადად და რამდენიმე ხელმძღვანელი პირი, მხოლოდ ამის შემდეგ აღმოჩნდა შესაძლებელი, იმავე დაწესებულებაში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიეღოთ პაციენტი. ოღონდ ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, რადგან აბსოლუტურად უსაფუძვლოდ უარს ამბობდა ერთი კონკრეტული ექიმი პაციენტის მიღებაზე. ეს, რა საკვირველია, არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პაციენტის მიღებაზე უარის თქმის მიზეზად კლინიკაში ადგილების დეფიციტის დასახელება უსაფუძვლოა.
„ამ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უარი განაცხადა პაციენტის მიღებაზე, მიზეზის დაუკონკრეტებლად. აბსოლუტურად უმნიშვნელოა იქ, როგორ გააფორმა ეს ყველაფერი, რა მიუთითა. აქ არის მთავარი მომენტი: პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებაზე, როდესაც ექიმი აცხადებს უარს, აბსოლუტურად მიუღებელია და ამას, ბუნებრივია, ყოველთვის შევეწინააღმდეგებით. ასე რომ, რა თქმა უნდა, ბატონი ჯუმბერ ბოლქვაძისთვის გასაგები იყო, რომ მას მოუწევდა ამაზე პასუხისმგებლობის აღება. მიზეზად დღეს იმის დასახელება, თითქოსდა ადგილები არ იყო, არის აბსოლუტური ტყუილი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა აღნიშნული ფაქტის გახმაურების შემდეგ თანამდებობის დატოვების სურვილი თავად გამოთქვა.
„მან თვითონ მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ არავის ეს მისგან არ მოუთხოვია. მოთხოვნა დადგებოდა საკითხის შესწავლის შედეგად, თუკი გაირკვეოდა, რომ კონკრეტულ ბრალეულ ქმედებასთან გვქონდა საქმე. მან დაასწრო მოვლენებს და თვითონ გვითხრა, რომ აპირებდა წასულიყო სამსახურიდან სექტემბრის ბოლოს. ამიტომ, ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, ცოტა მოულოდნელი იყო ის მოვლენების განვითარება, რომელიც გუშინ ვიხილეთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის ინფორმაციით, გუშინ საღამოს დაწესებულების მენეჯმენტმა ითხოვა შეხვედრა, სადაც ყველა დეტალი განიხილეს.
„როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური უკავშირდება კლინიკას, სტანდარტული პროცედურაა, რომ ყველა ასეთი ზარი იწერება. ამის თაობაზე ცნობილია უკლებლივ ყველა ექიმისთვის, სასწრაფოს ყველა თანამშრომლისთვის. ასეთი ზარები იწერება და, ბუნებრივია, საკითხის შესწავლის პროცესში ამის თაობაზე ინფორმაციაც იყო. ჩემთვის, რაც მნიშვნელოვანია, ეს არის, რომ არცერთ ექიმს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის უფლება არ გააჩნია. ამის მიმართ დავრჩებით შეურიგებლები, ამას ყველა უნდა შეეგუოს“დოკუმენტირებულად, პრაქტიკულად ყველა გარემოების თაობაზე ინფორმაცია მივაწოდე. მათთვისაც ბევრი რამ გახდა გასაგები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი მოვლენა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად იქნება, მიუხედავად იმისა, ეს ვინმეს უნდა, თუ არა და რა ფორმას ირჩევს აღნიშნულისგან თავის დასაცავად. სრული შესაძლებლობა არსებობს, დეპერსონალიზებული სახით, ინფორმაცია გავრცელდეს და საჯაროდაც ხელმისაწვდომი გახდეს. ეს არის არჩევანი, რომელიც, სამწუხაროდ, თავად გააკეთა ჯუმბერ ბოლქვაძემ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.