მიხეილ სარჯველაძე - ელენე ხოშტარიას შიმშილობა არ მიხარია, მისი მოთხოვნის ავკარგიანობაზე საუბარი არ მინდა
მიხეილ სარჯველაძე - ელენე ხოშტარიას შიმშილობა არ მიხარია, მისი მოთხოვნის ავკარგიანობაზე საუბარი არ მინდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს არასწორად მიაჩნია ის, რომ პატიმრის ნება-სურვილზე იყოს დამოკიდებული მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი.

ჟურნალისტებთან საუბარში მიხეილ სარჯველაძე ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის აქციას გამოეხმაურა.

სარჯველაძე აღნიშნავს, რომ როცა ადამიანი შიმშილობს, არ სურს, მისი მოთხოვნის ავკარგიანობაზე ისაუბროს.

„ელენე ხოშტარიას შიმშილობა არ მიხარია, მით უმეტეს, საუბარია კოლეგაზე, რომელიც პარლამენტში შიმშილობს. ამ შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, პარლამენტშია შიმშილობა, თუ მის გარეთ. როცა საუბარია პატიმრის გადაყვანაზე სამკურნალო დაწესებულებაში, პირველი არჩევანია უშუალოდ პენიტენციური სამსახურში არსებული დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ვერ იქნება უზრუნველყოფილი საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო სერვისი, ამის შემდეგ შეიძლება დადგეს სამოქალაქო კლინიკაში პატიმრის გაყვანის საფუძველი. ეს რომ გავხადოთ დამოკიდებული პატიმრის ნება-სურვილზე, ან პოლიტიკურ ფაქტორებზე, არასწორი იქნებოდა”, – დასძინა სარჯველაძემ.