სოციალურ მიმართულებას რომ დაეხმარება ეკონომიკური ზრდა და ეს ითქვა ჩვენი პრემიერ-მინისტრის მიერ, მე მართლა ძალიან მიხარია ეს ამბავი, როგორც ამ საზოგადოების წარმომადგენელს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ეს, რა თქმა უნდა, სამართლიანია და ეს არის მნიშვნელოვანი, რაც კარგად უნდა ესმოდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ჩვენ ხომ გვახსოვს, რომ არსებობენ საქართველოში პოლიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ, მაგალითად, ონკოლოგიურ პაციენტზე ფულის დახარჯვა არის შავ ხვრელში ფულის გადაყრა? მოგვისმენია ასეთი განცხადებები. არიან მოსაზრებების ავტორები, რომლებიც თვლიან, რომ ეკონომიკური ზრდა უნდა განვითარდეს იმგვარად, რომ, მაგალითად, სოციალურ პროგრამებზე ნაკლებად იხარჯებოდეს ფული და ა.შ. არის ასეთი ფსევდოლიბერალური შეხედულებები, ჩვენ კიდევ ვთვლით ცოტა განსხვავებულად და ადამიანების სოციალური მდგრადობა, სოციალური განვითარება, სიღარიბის შემცირება და უმუშევრობის დამარცხება, რასაკვირველია, არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, პროცენტული გამოხატულებით რომ დავთვალოთ თუ როგორც არ უნდა დავთვალოთ, საკმაოდ მაღალი იყო პენსიის ზრდა წლიდან წლამდე, რომელიც ფიქსირდებოდა ბოლო წლების განმავლობაში.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს ბოლო წელიწადი, 2025 წელს გაზრდილი მაჩვენებლები. რასაკვირველია, რა შესაძლებლობაც იქნება, ქვეყნისთვის ხელშესახები შედეგები, რომელიც გვექნება ეკონომიკური ზრდის სახით, ეს ყველაფერი აისახება იმავე სოცილური პროგრამებისთვის. ამიტომ ეს პენსიის გაზრდა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ის, რომ დიფერენცირებულია ეს პენსია იმავე 70 წელს ზემოთ და არსებობს, მაგალითად, გარკვეული შეღავათები მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, პენსიონერებისთვის და არის არაერთი სოციალური პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშნელოვანი დამხმარეა ადამიანებისთვის, რათა მათ დაძლიონ, მაგალითად, სიღარიბე და სოციალური სირთულეები, რომლებიც შეიძლება, მათ ჰქონდეთ. აღინიშნა, მაგალითად, ჩვენი სარეაბილიტაციო პროგრამები, რომლებიც ათეულობით მილიონით გაიზარდა და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძემ ასევე განაცხადა, რომ, როგორც დღეს პრემიერ-მინისტრის მიერ ასევე აღინიშნა, ეს არ არის ის შედეგი და წერტილი, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიღწეულით დაკმაყოფილდება.
„რა თქმა უნდა, გამოწვევებზეც იყო საუბარი, რა თქმა უნდა, იყო საუბარი იმაზეც, რომ გვჭირდება მეტი და ეს არის აბსოლუტურად მართალი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში უნდა დავუკავშიროთ ერთმანეთს, რომ მშვიდობის გარეშე, უბრალოდ, შეუძლებელი იქნება, გვქონდეს ეკონომიკური ზრდა.
„იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნისთვის თანამედროვე ეპოქაში ეს გახდა აბსოლუტური ფუფუნება და, მათ შორის, ევროპული სახელმწიფოებისთვის ეს არ არის მარტივად მიღწევადი მაჩვენებელი, რომ მიაღწიონ არათუ იმ ზომის ეკონომიკურ ზრდას, როგორიც საქართველოშია, არამედ საერთოდ ეკონომიკურ ზრდას. ამ ყველაფერის ფონზე მნიშვნელოვანი ხდება იმის აღნიშვნა, რომ შემდეგ ეს ეკონომიკური ზრდა, რომელიც გვაქვს, ითარგმნება და კონვენტირდება უკვე კონკრეტული მოქალაქეებისთვის მხარდამჭერ პროგრამებში, რაც სახელმწიფოს აქვს, იქნება ეს საგანმანათლებლო, სოციალური შემწეობის თუ ნებისმიერი სხვა. განა არ არის შთამბეჭდავი, ჯანდაცვის პროგრამები რომ ავიღოთ? დიდი ხანი არ არის გასული იმ პერიოდიდან, რომლის განმავლობაში ცვლილებებმაც მოიტანა ის, რომ ოთხჯერ არის გაზრდილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. 2013 წლიდან მოყოლებული დღემდე ოთხჯერ არის გაზრდილი და არ არის ეს ნამდვილად პატარა რიცხვი, საკმაოდ დიდია. ის, რომ ორნიშნა რიცხვით გამოიხატება, რამდენიმე ათეულია პროცენტული მაჩვენებელი იმის, რამდენს ხარჯავდა ქართველი მოქალაქე ჯიბიდან ჯანდაცვის სერვისზე და რამდენს ხარჯავს ახლა, ხომ რადიკალური ცვლილებებია“, – განაცხადა სარჯველაძემ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეს, განსაკურებით პენსიონერს, პენსიის მონეტარულ ზრდასთან ერთად, იმდენი დამატებითი სარგებელი აქვს მოქმედი პროგრამების მეშვეობით, რომ ეს არ შეიძლება, მხედველობაში არ მივიღოთ.
„დღეს პენსიონერებისთვის ხელმისაწვდომია არაერთი პროგრამა, მათ შორის, მაგალითად, მედიკამენტებთან დაკავშირებული, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებები, რაც უფასოდ მედიკამენტის მიღების შესაძლებლობას იძლევა პენსიონერისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არის შესაძლებლობა, რომელიც უჩნდება პენსიონერს და რომლის მეშვეობითაც ის ახერხებს, მოაწესრიგოს ძალიან ბევრი პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული. სწორედ ამის, ამ ჯანდაცვის, სოციალური პროგრამების ეფექტიანობის გაზრდის შედეგია ის, რომ საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში. დღეს პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა ამის თაობაზე. ეს კარგი ამბავია, რა თქმა უნდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები უფრო ეფექტიანად აწესრიგებენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თავიანთ პრობლემებს. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მეტ გაუმჯობესებას საჭიროებს, კიდევ უფრო წინ წაწევას საჭიროებს და ამას, ბუნებრივია, დაუღალავად გავაგრძელებთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, პენსიონრების რაოდენობა რომ გაიზარდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის შედეგი, რომელიც მოიტანა უფრო მეტად ეფექტიანმა ჯანდაცვის პროგრამებმა და უფრო მეტად ეფექტიანმა სოციალურმა პროგრამებმა.
„ბუნებრივია, ეს უნდა გაგრძელდეს, ეს გაგრძელდება კიდეც და ამის გარანტი, რა თქმა უნდა, არის დღეს ჩვენი ხელისუფლება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
