მიხეილ სარჯველაძე - ძალადობა მოსალოდნელია მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფისგან და ეს არის თავად „ნაციონალური მოძრაობა“
მიხეილ სარჯველაძე - ძალადობა მოსალოდნელია მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფისგან და ეს არის თავად „ნაციონალური მოძრაობა“

ძალადობის გამოყენება მოსალოდნელია მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფისგან და ეს არის თავად „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხში ხელოვნურად პანიკის დათესვას ცდილობს, რაც სარჯველაძის თქმით, გამართლებული არ არის.

„პირდაპირ ვამბობ – მეჩვენება, რომ არის ჭიქაში ქარიშხლის შექმნის მცდელობა, რასაც კარგად ახერხებენ ბევრი ადამიანის თვალში, გარკვეულ პანიკურ მდგომარეობას ვამჩნევთ. ეს მართლაც ძალიან ცუდია. ეს არის ხელოვნურად პანიკის დათესვა საზოგადოებაში და ნამდვილად არ არის გამართლებული. რაც შეეხება ძალადობას და ძალადობის გამოყენებას, ეს მოსალოდნელია მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფისგან და ეს არის თავად „ნაციონალური მოძრაობა“. რატომ ვამბობ ამას, ამჟამად სამართლებრივი თვალსაზრისით წინააღმდეგობაში მოექცნენ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მისი ფორმალური თავმჯდომარე ნიკანორ მელია. ის უარს აცხადებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სამართლებრივად გამართლებული მდგომარეობა. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკანონო მდგომარეობაა.

იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი ექნება სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელის შეშლას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში, რასაკვირველია, ეს იქნება ძალადობა და ნურავის ნუ გადააბრალებენ ასეთი ძალადობის მცდელობებს, რომლის წინასწარ შემზადებას ცდილობენ. მგონია, საზოგადოებრივი აზრიც არც ერთ შემთხვევაში არ იქნება ამის სასარგებლოდ, ვინაიდან, უწესრიგობა არის ის, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება დღეს საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას გეგმავს.