მიხეილ სარჯველაძე - დამნაშავე სააკაშვილსა და რეჟიმის მსხვერპლი ადამიანის გარდაცვალებას შორის პარალელი სრული ამორალურობაა
უტიფარი და სრულიად უსუსური მცდელობა, რაიმე პარალელი და განზოგადების საშუალება ნახონ ნავალნის შემთხვევასა და სააკაშვილის შემთხვევას შორის, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, სრული ამორალურობაა პარალელების გავლება დამნაშავესა და იმ ადამიანის გარდაცვალებას შორის, რომელიც მართლაც რეჟიმის მსხვერპლია.
„ეს მორიგი სპეკულაციაა „ნაციონალური მოძრაობის“, მისი მეგობრების მხრიდან. უტიფარი და სრულიად უსუსური მცდელობა, რაიმე პარალელი და განზოგადების საშუალება ნახონ ნავალნის შემთხვევასა და სააკაშვილის შემთხვევას შორის. საერთოდ არც არსებობს სააკაშვილის შემთხვევა, ამიტომ ამაოდ დაშვრებიან, თუკი ეცდებიან რაღაც პარალელის მონახვას. ყველა აქამდელი ინსინუაცია, რომელსაც, ნავალნისგან განსხვავებით, სთავაზობდა სააკაშვილი საზოგადოებას, ამაში მილიონობით ფულს ხარჯავდა, ტყუილი აღმოჩნდა. დიდი ხნის განმავლობაში არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ მართლაც საერთაშორისო საზოგადოებას კვებავდა მცდარი ინფორმაციით. ეს ყველასთვის გასაგებია. ეს ამავდროულად უტიფრობაა, რადგან სააკაშვილი არის კაცი, რომელმაც დაატრიალა საპატიმროებში ის, რაც დაატრიალა და ყველას ახსოვს. შემაძრწუნებელი ფაქტებით დახუნძლული იყო, სამწუხაროდ, მისი პერიოდის სახელმწიფო მოღვაწეობა. პენიტენციურში ყველას კარგად ახსოვს, რა ხდებოდა და არამხოლოდ პენიტენციურში, გვახსოვს, ეს იყო პერიოდი, როცა გვამებს ითხოვდნენ სპეციალურად სახელდახელოდ მოწყობილი სპეცოპერაციების დროს. ამიტომ, ამ ყველაფრის ფონზე, უბრალოდ სპეკულაციაა, ეს ყველაზე მარტივად, რბილად და ობიექტურად რომ შევაფასოთ ახლა შემოთავაზებული მცდელობები პარალელის გავლებასთან დაკავშირებით. არავითარი კავშირი არ შეიძლება, აქ დანახულ იქნეს. ასევე, პოლიტიკური უტიფრობაა იმ ხალხის მხრიდან, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ „შემოქმედებაში“ მეტ-ნაკლებად წვლილი მიუძღვის. ყველას კარგად გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, როდესაც ახლა ასეთი ტიპის სპეკულაციურ ინტერპრეტაციებს სთავაზობენ საზოგადოებას, უბრალოდ, პასუხი უნდა გასცენ კითხვას: როგორია მათი დამოკიდებულება გირგვლიანის, შავაძის, რობაქიძის და სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით? მგონი, გასაგებია, რომ ეს არის სრული ამორალურობა, რაღაც პარალელების გავლება დამნაშავესა და იმ ადამიანის გარდაცვალებას შორის, რომელიც მართლაც არის რეჟიმის მსხვერპლი“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ამასთან, სარჯველაძის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება სამძიმარს არ უცხადებს ნავალნის ოჯახს.
„ტყუილია, რომ „ქართული ოცნება“ დუმილს ინარჩუნებს. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება, შეფასება გაკეთდა და სწორი დამოკიდებულება იქნა გაცხადებული. ახლაც გეტყვით, დიახ, ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა ბევრი თვალსაზრისით და მათ შორის იმით, რომ არის მსხვერპლი არასწორი დამოკიდებულების, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების. ამიტომ, ბუნებრივია, არავის არ აქვს უფლება, დღეს საქართველოში ისაუბროს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე დუმილით შეხვდა ამ გარემოებას, რეაქცია არ აქვს. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციაში არის ეს პრობლემები დაკავშირებული ადამიანის უფლებების დარღვევასთან და ამის მსხვერპლი საქართველოც გამხდარა საუბედუროდ“, – აღნიშნა სარჯველაძემ.