მიხეილ სარჯველაძე და ანრი ოხანაშვილი პარლამენტში კარლო კაციტაძესა და ლელა ჯანაშვილს ხვდებიან
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეები, ანრი ოხანაშვილი და მიხეილ სარჯველაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძესა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს ლელა ჯანაშვილს ხვდებიან.
ანრი ოხანაშვილის, მიხეილ სარჯველაძისა და აღნიშნული სამსახურების ხელმძღვანელების შეხვედრა პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყების წინ ოხანაშვილმა განუცხადა, საუბარია 12-პუნქტიან გეგმაზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიმართულებით შესაბამისი წინადადებების შემუშავებაზე, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს ამ სამსახურების შემდგომ განვითარებაზე.
„დღეს პირველ საორგანიზაციო შეხვედრაზე ამ სამსახურების ხელმძღვანელების პოზიციებს მოვისმენთ, როგორია მათი ხედვა – როგორ წარმოუდგენიათ, მათი სამსახურების ინსტიტუციური განვითარება, რა წინადადებებზე შეიძლება ფიქრი. ნებისმიერი მოსაზრებისთვის მზად ვართ. მსჯელობა გამოაჩენს, რომელი იქნება რაციონალური წინადადება, რომელიც ინიციატივად იქცევა, – განაცხადა ოხანაშვილმა.