მიხეილ სარჯველაძე - ცხრა საკითხზე უწყვეტად მიმდინარეობს მუშაობა, ოპოზიციის ძირითადი რაოდენობა ალბათ კვლავ ფსევდო და მათ მიერ მოგონილი, უმიზეზო ბოიკოტის რეჟიმში დარჩება
მიხეილ სარჯველაძე - ცხრა საკითხზე უწყვეტად მიმდინარეობს მუშაობა, ოპოზიციის ძირითადი რაოდენობა ალბათ კვლავ ფსევდო და მათ მიერ მოგონილი, უმიზეზო ბოიკოტის რეჟიმში დარჩება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ევრორეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა მომზადებულია და უახლოეს მომავალში საჯარო გახდება.

სარჯველაძის თქმით, რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა უწყვეტად მიმდინარეობს, თუმცა საკმაოდ რთულია წინასწარ საუბარი კონკრეტულ ვადებსა და თარიღებთან დაკავშირებით.

„თავისი შინაარსიის გათვალისწინებით, ცხრა საკითხზე მუშაობა არ გახლავთ ისეთი რამ, რომელზეც შეიძლება, ზუსტ თარიღებზე შევთანხმდეთ. ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც შეიძლება, მიმდინარე პროცესის გარკვეულ ფაზაში გადაყვანას ეხებოდეს. მაგალითად, ეს ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას და ა.შ. 2022 წლის ივნისის შემდეგ ოპოზიციის მხრიდან დაშვებული შეცდომის, იმის გათვალისწინებით, რა მწარედ მოსაგონებელი გაუხდა ოპოზიციას მის მიერ დაშვებული შეცდომა, რადგან საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებაში არამც თუ ნულოვანი, არამედ მინუს ნიშნით აქვს მონაწილეობა მიღებული, ამ ფონზე ალბათ პერსონალურად ამ პასუხისმგებლობის ზიდვა, ამ შეცდომის გამეორება ყველას არ ენდომება. თუმცა, დღეს მოქმედ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის ალბათ არის უდიდესი უმრავლესობა, რომლებისთვისაც ეს არ იყო შეცდომა, რომელიც უნებლიედ მოუვიდათ. ეს იყო წინასწარ გამიზნული პოლიტიკა, რომელსაც, როგორც ჩანს, კვლავაც აგრძელებენ. მცირე ნაწილთან მიმართებით ალბათ მოლოდინი პოზიტიურია, მაგრამ ძირითადი რაოდენობა კვლავ ფსევდო და მათ მიერ მოგონილი, უმიზეზო ბოიკოტის რეჟიმში დარჩება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.