მიხეილ სარჯველაძე - ჩვენს ქვეყანაში არავის აქვს უფლება, სამართალზე მაღლა დააყენოს თავი
მიხეილ სარჯველაძე - ჩვენს ქვეყანაში არავის აქვს უფლება, სამართალზე მაღლა დააყენოს თავი

ნიკანორ მელიას მხრიდან აშკარაა მცდელობა, რომ მის მიმართ ისეთი ღონისძიებების პროვოცირება მოხდეს, რომელიც მისი გათვლებით მას გარკვეული „ჰეროიზმის“ მანტიით შემოსავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება.

მისი თქმით, არავის აქვს უფლება, სამართლალზე მაღლა დააყენოს თავი.

„დღეს არის განსაზღვრული ვადის ამოწურვა, რომელიც გირაოს თანხის გადახდასთან არის დაკავშირებული. ეს არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირველ რიგში თავად ნიკანორ მელიას ეკუთვნოდა გადაწყვეტილება, თუ როგორი აღკვეთის ღონისძიება ექნებოდა მის მიმართ გამოყენებული. მისი გადაწყვეტილების მიხედვით, უკვე მოხდება შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება, როგორც პროკურატურის, ისე პარლამენტის მხრიდან. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ არავის ჩვენს ქვეყანაში არ აქვს უფლება, საკუთარ თავს მისცეს უფლება, რომ უფრო მაღლა დააყენოს თავი, ვიდრე საქართველოს სამართალია. ეს არგუმენტი ყველა შემთხვევაში მხედველობაში იქნება მიღებული, როდესაც ამ საკითხის ირგვლივ დისკუსია და გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, დეპუტატს არ დაუკონკრეტებია დაუჭერს თუ არა მხარს, ნიკა მელიასთან იმუნიტეტის მოხსნას.

„პირადი გადაწვეტილებების თაობაზე წინასწარ საუბარი არ შეიძლება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

დეპუტატი ნიკა მელიას იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ თუ ვინმე მისი გირაოს თანახას გადაიხდის, ეს ხელისუფლებასთან და სუს-თან დაკავშირებული იქნება.

„აშკარაა მცდელობა, რომ ნიკანორ მელიას მხრიდან მოხდეს ერთგვარი პროვოცირება მის მიმართ ისეთი ღონისძიებების განხორციელების, რომელიც მისი გათვლებით და მისი გაანგარიშებით მას გარკვეული „ჰეროიზმის“ მანტიით შემოსავს. ეს სწორი გათვლა არ არის. იმდენად აშკარაა და იმდენად შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ ეს არის წმინდა წყლის პროვოცირება მიმართული საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის დაკნინებისკენ, რომ ეს არ იქნება ისეთი ტრიუკი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება, ვინმეს თვალში ნაცრის შეყრა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება. მელია აცხადებს, რომ თანხის გადახდას არ აპირებს.

ნიკანორ მელიას მხრიდან აშკარაა მცდელობა, რომ მის მიმართ ისეთი ღონისძიებების პროვოცირება მოხდეს, რომელიც მისი გათვლებით მას გარკვეული „ჰეროიზმის“ მანტიით შემოსავს