მიხეილ სარჯველაძე - ჩვენი მხრიდან ნებისმიერი განცხადება მიმართული იყო ამერიკასა და საქართველოს შორის, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კიდევ უფრო დაახლოებაზე და არა კონფრონტაციული ფონის შექმნაზე
მიხეილ სარჯველაძე - ჩვენი მხრიდან ნებისმიერი განცხადება მიმართული იყო ამერიკასა და საქართველოს შორის, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კიდევ უფრო დაახლოებაზე და არა კონფრონტაციული ფონის შექმნაზე

ჩვენი მხრიდან ნებისმიერი განცხადება და ნებისმიერი პასუხი მიმართული იყო ამერიკასა და საქართველოს შორის, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაახლოებაზე და არა კონფრონტაციული ფონის შექმნაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „რთულია იმის გაგება, რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები ასეთ დროს“.

„მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ კელი დეგნანის ამ განცხადებაში ჩვენ არ უნდა ვიგულისხმებოდეთ, რადგან ჩვენი მხრიდან ნებისმიერი განცხადება და ნებისმიერი პასუხი მიმართული იყო ამერიკასა და საქართველოს შორის, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაახლოებაზე და არა კონფრონტაციული ფონის შექმნაზე, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კითხვის ნიშანი საზოგადოების შიგნითაც არ არსებობდეს და ყველაფერი პასუხისგაცემული იყოს. საქართველოსთვის სამომავლო განვითარების გზაზე მთავარი მოკავშირე ამერიკა და ევროკავშირი არიან. ხშირ შემთხვევაში, მედია უწყობს ხელს, რომ სხვადასხვა ინტერპრეტაცია იყოს. არც ერთ შემთხვევაში მწვავე საკითხები და კრიტიკულობა არ უნდა იყოს გაგებული, როგორც დესტრუქციული მიდგომა, ან თავდასხმა და ა.შ. თავად კელი დეგნანმა გააკეთა განცხადება, რომ მეგობრებშიც შეიძლება განსხვავებულად ფიქრობდნენ და ბუნებრივია, რომ საუბრობენო. არის საკითხები, რომელიც დახურულობის მიღმა ვეღარ რჩება და გარკვეულ მომენტში შეიძლება, გარეთ გადიოდეს. ამ შემთხვევაში ის შეკითხვები იგულისხმება, რომელიც სამწუხაროდ, შეიძლება, გარკვეულ საკითხებზე საზოგადოებაში ჩნდებოდეს. ჩვენი მცდელობაა, ამ შეკითხვებზე პოზიტიური პასუხები არსებობდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.