მიხეილ სარჯველაძე - ჩვენ მოგვიწევს ძალიან აქტიურად მუშაობა, რათა ვიპოვოთ სხვა გზები დიალოგის გასაგრძელებლად
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის მიზანი სინამდვილეში მოლაპარაკების პროცესში შედეგის მიღწევა არ ყოფილა, რაც ყველამ დაინახა.
მისივე თქმით, ხელისუფლება იმუშავებს აქტიურად, რათა იპოვონ სხვა გზები იმისთვის, რომ მოხერხდეს დიალოგის გაგრძელება.
„მართლაც სამწუხაროა, რომ ის ნაბიჯები „ეფექტიანი“ აღმოჩნდა ოპოზიციის მხრიდან, რომლებსაც იმთავითვე მიზნად ჰქონდათ დასახული, რომ მხოლოდ ეთამაშათ ვითომ მონდომებული ხალხის როლი, რომ მოლაპარაკება შედეგიანი ყოფილიყო, სინამდვილეში ფასადს მიღმა, ყველამ დავინახეთ, რა იყო ამის განწყობა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთადერთი კომპრომისი, რაზეც მზად იყო ოპოზიციის მთავარი ბირთვი, იყო ის, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, უბრალოდ შთაბეჭდილების შესაქმნელად, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ხელისუფლებას, ჩვენ მოგვიწევს ძალიან აქტიურად მუშაობა, რომ ვიპოვოთ სხვა გზები, რათა რეალურად მოვახერხოთ დიალოგის გაგრძელება, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ დიალოგისთვის ასპარეზი ყოველთვის რჩებოდეს. ვფიქრობ, რომ ასეთი გზები აუცილებლად გამოინახება.
კონკრეტულ ფორმატს რაც შეეხება, ალბათ მოსაძებნია ასეთი ფორმები, მაგრამ რომ არსებობს, ამაში დარწმუნებული ვარ. დაწყებული მაგალითად, იდეით ინდივიდუალურ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ვგულისხმობ ცალკეულ პარტიებთან მოლაპარაკებებს, დამთავრებული თუნდაც ევროპულ სტრუქტურებთან ამ მედიაციის პროცესების უფრო გააქტიურებით. შეიძლება, ყველა გამოსადექი ფორმა აღმოჩნდეს. უბრალოდ, სანახავია რელევანტურობა, ამ შემთხვევაში კონკრეტულ დროის მონაკვეთში როგორი იქნება ყველაზე ეფექტური საშუალება, რამაც შეიძლება, შეთანხმებამდე მიგვიყვანოს. ვნახოთ, საამისოდ ძალისხმევას არ დავიშურებთ.
ამ პროცესში რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ალბათ ეს არის, რომ ჩვენ მეტი ყურადღება და დრო უნდა დავუთმოთ როგორც საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ თემებთან მიმართებაში, რომელიც შეიძლება ჩვენი საზოგადოებისთვის არათუ არანაკლებად, არამედ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე მაგალითად, იმ ამბიციებზე თხრობა, რომელიც არის ცალკეული ოპოზიციური ლიდერების წყურვილი, ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ. შეიძლება, ამაზე მნიშვნელოვანი იყოს ის ეკონომიკური ფაქტორები, რომელიც ამჟამად მოქმედებს და ა.შ. ალბათ მოგვეცემა შესაძლებლობა, უფრო მეტი ინტენსივობით ვისაუბროთ საზოგადოებასთანაც, მათ შორის ამ თემებთან დაკავშირებით. ზოგადად მსჯელობა მიმდინარეობს, ამ წუთისთვის კონკრეტული კონტურები არ არის გამოკვეთილი, როგორი იქნება ხვალინდელი დღე, იგივე მოლაპარაკებების თვალსაზრისით, მაგრამ ეს გარდაუვალია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.