მიხეილ სარჯველაძე - „ბიბისის“ ინფორმაციის მიმართ სანდოობა უაღრესად მაღალია, დილემის წინაშე იმყოფებიან პოლიტიკოსები, ექსპერტები, რომლებიც კეზერაშვილთან არიან აფილირებული
მიხეილ სარჯველაძე - „ბიბისის“ ინფორმაციის მიმართ სანდოობა უაღრესად მაღალია, დილემის წინაშე იმყოფებიან პოლიტიკოსები, ექსპერტები, რომლებიც კეზერაშვილთან არიან აფილირებული

„ბიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიმართ სანდოობა უაღრესად მაღალია. სავარაუდოა, რომ ამას, სამართლებრივი პროცედურების თვალსაზრისით, გაგრძელება მოჰყვება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით ქართველ სამართალდამცავებს ოპოზიციის მხრიდან სასაყვედურო არაფერი აქვთ.

„დავით კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობა დამოკლეს მახვილივით ყველა იმ პირს დაადგა თავს, ვინც სხვადასხვა ფორმით პოლიტიკაში ჩართულია და აფილირებულია დავით კეზერაშვილთან. ოპოზიციის საუბარი იმის თაობაზე, სად იყვნენ ქართველი სამართალდამცავები, ქართველი სამართალდამცავები იყვნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ და გააკეთეს ზუსტად ის, რაც ევალებოდათ. მათ ამ კუთხით სასაყვედურო არაფერი აქვთ. ადგილი აქვს ყურადღების გადატანის მცდელობას კრიტიკის მიზეზის მოსაძებნად, რათა თავიდან აიცილონ მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემის მოვალეობა, რაც კეზერაშვილთან დაკავშირებით მათ პოზიციას უკავშირდება. ცდილობენ, ამაზე პირდაპირ პასუხებს თავი აარიდონ და ამისთვის ტაქტიკური ხერხი გამოიყენონ – ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციები გააჟღერონ. „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიმართ სანდოობა უაღრესად მაღალია. სავარაუდოა, რომ ამას, სამართლებრივი პროცედურების თვალსაზრისით, გაგრძელება მოჰყვება. მორალური დილემის წინაშე იმყოფებიან პოლიტიკოსები, მედიასაშუალებები და ექსპერტები, რომლებიც კეზერაშვილთან არიან აფილირებული. მათ პოლიტიკაში მოღვაწეობისა და პროდასავლურობაზე საუბრის მორალური უფლება რომ ჰქონდეთ, კეზერაშვილთან დაკავშირებულ თემაზე კითხვებს პასუხი უნდა გასცენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, რომლის თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი სახელდება, ფილმი გუშინ გამოაქვეყნა. თითქმის ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმში თაღლითური სქემა დეტალურად არის განხილული. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, ფილმში მოხვდა ერთ-ერთი სპეცოპერაციის კადრებიც, რომელიც ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში ჩატარდა.

მანამდე „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული. სტატია სათაურით „ბიზნესმენების ძებნაში, რომლებიც მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან დგანან“ გუშინ გამოქვეყნდა.

„ბიბისის“ ცნობით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. „ბიბისის“ ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“. როგორც „ბიბისი“ წერს, თაღლითების საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წელი მუშაობდნენ. მათივე ინფორმაციით, ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია „მილტონის ჯგუფის“ სახელწოდებით.