მიხეილ სარჯველაძე - ბიბილოვისა და მისი დაჯგუფების ნამოქმედარს საერთაშორისო სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს
მიხეილ სარჯველაძე - ბიბილოვისა და მისი დაჯგუფების ნამოქმედარს საერთაშორისო სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს

ბიბილოვისა და მისი დაჯგუფების ნამოქმედარს საერთაშორისო სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს, – ასეთ განცხადებას აკეთებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით.

სარჯველაძის თქმით, მთელი ცივილიზებული სამყაროს პოზიციაა, რომ საქართველოს ფაქტობრივი ოკუპანტი რუსეთის ფედერაციაა.

„ეს დადასტურდა მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით. ანატოლი ბიბილოვი და მისი დაჯგუფების წევრები არიან დე ფაქტო და არა – დე იურე ხელისუფლება. მათ დე იურე განცხადებებს, ნამოქმედარს, აქტებსა და აქტივობებს საერთაშორისო სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება რუსეთის კავშირებს, ეს არის ძალიან ცუდი და მცდარი ნაბიჯი. იმ არასწორი ხაზის გაგრძელება, რაც დიდი ხნის წინ დაიწყო და გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ოკუპაციით, ანექსიით. ბუნებრივია, ამას ვეწინააღმდეგებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“.

ამასთან, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება“.