მიხეილ სარჯველაძე - არჩევნების შემდეგ, როცა ქვეყანა ნაკლებად პოლარიზებული იქნება, მოგვეცემა შესაძლებლობა, გადავიდეთ ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობის რეფორმების განხორციელებაზე
მიხეილ სარჯველაძე - არჩევნების შემდეგ, როცა ქვეყანა ნაკლებად პოლარიზებული იქნება, მოგვეცემა შესაძლებლობა, გადავიდეთ ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობის რეფორმების განხორციელებაზე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე სენატში გამართული მოსმენისას გაკეთებულ განცხადებას.

სარჯველაძის თქმით, საკითხის ირგვლივ მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორული ურთიერთობების მაღალ ნიშნულზე მიუთითებს.

„ასეთი მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორული ურთიერთობები არის მისი განვითარების ყველაზე მაღალ ნიშნულზე, რაც მართლაც დასაფასებელია. ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის გამარჯვება, ეს არის ქვეყნის წარმატება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მან ასევე შეაფასა სენატორ ჯინ შაჰინის განცხადების ის ნაწილიც, სადაც ამბობს, რომ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ უნდა გააგრძელონ რუსეთის მავნე აქტივობებთან წინააღმდეგობა საჭირო დემოკრატიული რეფორმების გამყარებით.

სარჯველაძის თქმით, არჩევნების შემდეგ, როცა ქვეყანა ნაკლებად პოლარიზებული იქნება, მიეცემათ შესაძლებლობა, უდიდესი მნიშვნელობის რეფორმების განხორციელებაზე გადავიდნენ.

„არჩევნების შემდეგ, როცა ქვეყანა ნაკლებად პოლარიზებული იქნება და შედარებით თავისუფალი, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გადავიდეთ ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობის რეფორმების განხორციელებაზე, რაც ეხება იგივე ასოცირებული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჩქარი ტემპით წარმართვას. რასაკვირველია, ეს ნიშნავს იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რაც ეხება ნატო-ს წევრობას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.