ჯინ შაჰინი - საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ უნდა გააგრძელონ რუსეთის მავნე აქტივობებთან წინააღმდეგობა საჭირო დემოკრატიული რეფორმების გამყარებით
ჯინ შაჰინი - საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ უნდა გააგრძელონ რუსეთის მავნე აქტივობებთან წინააღმდეგობა საჭირო დემოკრატიული რეფორმების გამყარებით

საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ უნდა გააგრძელონ რუსეთის მავნე აქტივობებთან წინააღმდეგობა საჭირო დემოკრატიული რეფორმების გამყარებით, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებას მიეძღვნა.

ამერიკელი სენატორის თქმით, შავი ზღვის რეგიონი არის დასავლეთს და რუსეთს შორის კონკურენციის ცხელი წერტილი, სადაც რუსეთის მავნე და აგრესიული პოლიტიკა ხორციელდება.

„შავი ზღვის რეგიონი არის რუსეთსა და დასავლეთს შორის კონკურენციის ცხელი წერტილი ტრანსატლანტიკური საზოგადოების გაფართოების საკითხთან დაკავშირებით. ექვსი ქვეყანა: რუსეთი, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უკრაინა და საქართველო არიან რეგიონში წარმოდგენილი, მაგრამ მხოლოდ ერთი ქვეყანა უყურებს შავ ზღვას, როგორც საკუთარ ზღვას და ეს რუსეთია. ჩემთვის გამამხნევებელია ნატო-ს გენერალური მდივნის ბოლო გზავნილი, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რეგიონის თავდაცვისთვის ყოვლისმომცველ გეგმას შეიმუშავებს. ასევე, მოხარული ვარ, რომ გასულ კვირას, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს, უკრაინას და რუმინეთს ესტუმრა. ვფიქრობ, რომ ეს იყო რუსეთის მიერ შავ ზღვაზე კონტროლის მოპოვების მცდელობის წინააღმდეგ მიდგომის ცვლილების მისასალმებელი ნიშანი“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

ამერიკელმა სენატორმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ ნატო-ს გაფართოების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე და მაგალითებად რუსეთ-საქართველოს და რუსეთ-უკრაინის ომები დაასახელა.

„რუსეთს აქვს ომის, უკანონო ტაქტიკის და აგრესიის გამოყენების ისტორია რეგიონში კონტროლის გასაძლიერებლად და სამხრეთ საზღვრებში ნატო-ს შესაზღუდად. 2008 წელს რუსეთმა აწარმოა ომი საქართველოს წინააღმდეგ, უკანონოდ დაიკავა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები. 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსირება მოახდინა და უკრაინის დონბასის რეგიონში სეპარატისტული ამბოხება გააღვივა. ეს არის კონფლიქტი, რომელიც გრძელდება და უდანაშაულო უკრაინელების სიცოცხლეს იწირავს. ამ ანექსიამ საფუძველი შეუქმნა რუსეთს, შეექმნა ხმელთაშუა ზღვის ოპერატიული ჯგუფი და მნიშვნელოვნად გააძლიერა შავი ზღვის ფლოტი. რუსეთი მუდამ მზად, არის ნატო-ს გაფართოების შესაჩერებლად და შავ ზღვაზე კონტროლის გასაძლიერებლად გამოიყენოს ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა შაჰინმა.

ამასთან, ამერიკელმა სენატორმა რუსეთის აგრესიული მოქმედებების მაგალითად საოკუპაციო ხაზთან უკანონო სასაზღვრო ღობეების გავლება დაასახელა.

„რუსეთის ბოროტი ზრახვები აშკარად გამოიკვეთა მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში, როდესაც სენატორებთან, პორტმანთან და მერფისთან ერთად საქართველოს და უკრაინას ვესტუმრე. ჩვენ მივედით სამხრეთ ოსეთის საზღვართან, სადაც ვიხილეთ რუსეთის მხრიდან განხორციელებული ბორდერიზაცია და მტრული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთის ტერიტორიული აგრესია, როგორიცაა ღობეების გადაადგილება, რუსეთის სამხედრო მოქმედების უფრო ფართო სურათის ნაწილია და მისი დაგმობა უნდა გაგრძელდეს. მე ძალიან ვაფასებ იქ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშობას, რომელიც ამ სასაზღვრო ზონას აკვირდება“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მოსმენაზე ამერიკელმა სენატორმა ნატო-ს მხრიდან პარტნიორების დახმარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მაგალითათ მოიყვანა ერთობლივი სამხედრო წვრთნები.

ჯინ შაჰინის თქმით, რუსეთის აგრესიული ქმედება ნატო-ს მხრიდან მეტ კოორდინაციულ მოქმედებას მოითხოვს.

„რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატო-მ წარმატებით აღმოუჩინა დახმარება აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებს. სამხედრო წვრთნები, „სი ბრიზი“ (Sea Breeze) ყოველწლიურად იმართება ნატო-ს მოკავშირეების და პარტნიორების მონაწილეობით და ჩვენი შავი ზღვის მოკავშირეებს სოლიდარობის მნიშვნელოვან შეტყობინებას უგზავნის. შავი ზღვის საკითხებზე ნატო-ს პასუხი მეტ კოორდინაციას და პოლიტიკურ ერთიანობას მოითხოვს, როგორც ეს ჩანს ბალტიის ზღვის რეგიონში. რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია. ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უნდა გააგრძელონ რუსეთის მავნე აქტივობებთან წინააღმდეგობა, საჭირო დემოკრატიული რეფორმების გამყარებით, რათა აისახოს ხალხის ნება და მოხდეს მათი დაახლოება ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან“, – აღნიშნა ამერიკელმა სენატორმა.