მიხეილ სარჯველაძე - არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში არ არის დასაბუთებული, რა წარმოადგენს სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიკურ დევნად მონათვლის მიზეზს
მიხეილ სარჯველაძე - არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში არ არის დასაბუთებული, რა წარმოადგენს სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიკურ დევნად მონათვლის მიზეზს

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში არ არის დასაბუთებული, რა წარმოადგენს სააკაშვილის მიმართ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიკურ დევნად მონათვლის მიზეზს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე ფიქრობს, რომ მათი მოსაზრება მცდარი და ლოგიკას მოკლებულია.

„ამ ქვეყანაში მოსაზრების დაფიქსირების უფლება ყველას აქვს, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად სწორია და საფუძვლიანია მოსაზრება, რომელიც კეთდება და მოცემულ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ არის საფუძვლიანი, მეტიც, ლოგიკაშიც უჭირს ამ განცხადებას.

რეალურად, ამ განცხადებაში არ არის დასაბუთებული, თუ რა წარმოადგენს ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიკურ დევნად მონათვლის მიზეზს, რა არის ამის საფუძველი. მეორე მხრივ, რამდენადაც ამოვიკითხეთ, მათთვის არ არის დამაკმაყოფილებელი მართლმსაჯულების სისტემა. აქედან გამომდინარე მიიჩნევენ, რომ ახლა არ შეიძლება მსჯავრდება. მარტივი საკითხია, მაშინ როდის შეიძლება და საერთოდ, ზოგადად შესაძლებელია თუ არა მსჯავრდება, უკეთესი იქნება, ამაზე გასცენ პასუხი და მგონი, თვითონ მივლენ დასკვნამდე, რომ საკუთარი გავრცელებული ეს მოსაზრება არის მცდარი, არასწორი და ულოგიკო. იქ, სადაც ჩვენს ოპონენეტებს აქვთ არგუმენტების დეფიციტი, ცდილობენ, რაღაცა ზოგადი კლიშე მოსაზრებებით შემოიფარგლონ და არ ისაუბრონ კონკრეტულ საქმეზე, კონკრეტულ ვითარებაზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძე ყველას მოუწოდებს, კონკრეტულ საქმეზე ისაუბრონ.

„კონკრეტულ, ამ მსჯავრდების საქმეებში გავრჩიოთ მტყუანი და მართალი, რამდენად შეიძლება ამ შემთხვევაში არსებობდეს მიზეზი განცხადებისთვის, თითქოსდა ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმე. ნებისმიერ მიმართულებით, ნებისმიერი საქმის ზედაპირული, თუ სიღრმისეული ანალიზით, ორივე შემთხვევაში ძალიან მარტივად ლანგარზე დევს ზამზარეული დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ერთმნიშვნელოვნად სწორია მსჯავრდების საქმე და ვფიქრობთ, სწორად არის მსჯავრდადებული ბატონი მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ სხვა საკითხია, საზოგადოებაში როგორია სასამართლოს მიმართ ნდობის ხარისხი.

„კიდევ მოვუწოდებ ყველას, რომ ვისაუბროთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე და შევაფასოთ, ყველას გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ მაგალითად, გელაშვილის საქმეზე, რომელშიც მსჯავრი აქვს დადებული, შეიძლება თუ არა, რომ ვისაუბროთ მსაჯვრის დადებაზე, ამ კატეგორიის დანაშაულზე, მის მონაწილეობაზე და ასე შემდეგ. მგონია, რომ ამ კატეგორიის საქმეებზე მსჯელობით მივალთ დასკვნამდე, რამდენად საფუძვლიანი იყო მსჯავრდების საქმე“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულება პოლიტიკურად მოტივირებულია.