მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, ჰესის მშენებლობის შეწყვეტა და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება ამ შემთხვევაში, მომიტინგეთა მხრიდან ულტიმატუმების დაყენებისთვის საკმარისი პირობა იყოს
მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, ჰესის მშენებლობის შეწყვეტა და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება ამ შემთხვევაში, მომიტინგეთა მხრიდან ულტიმატუმების დაყენებისთვის საკმარისი პირობა იყოს

ვფიქრობ, ცოტა მეტი კონსტრუქციული დამოკიდებულება სჭირდება ყველა მხარეს, რომელსაც ევალება, გაუფრთხილდეს და პატივი სცეს ერთმანეთის პოზიციას, არგუმენტებს, რომლებიც არის ჰესის მშენებლობაზე, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი მართლზომიერების ფარგლებში განხორციელდეს.

„რიტორიკულად უნდა დაისვას კითხვა – 12:00 საათამდე რა უნდა მოხდეს? არ მგონია, მშენებლობის შეწყვეტა და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება ამ შემთხვევაში, მომიტინგეთა მხრიდან საკმარისი პირობა იყოს ულტიმატუმების დაყენებისთვის.

ვფიქრობ, ცოტა მეტი კონსტრუქციული დამოკიდებულება სჭირდება ყველა მხარეს, რომელსაც ევალება, გაუფრთხილდეს და პატივი სცეს ერთმანეთის პოზიციას, არგუმენტებს, რომლებიც არის ჰესის მშენებლობაზე. ასევე, ვალდებული ვართ, კონტრარგუმენტები მოვისმინოთ და საამისოდ ყველა წინაპირობა შექმნილია. წინასწარ ულტიმატუმების დაყენება სწორი არ მგონია. პროტესტს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ქალაქის ბლოკირება და პარალიზება არ არის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც რომელიმე მომიტინგეს შეიძლება, ჰქონდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია გუშინ თბილისში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღეს, 12:00 საათამდე დაელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მოთხოვნებს, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. მისივე თქმით, ასევე მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში და ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადება. ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.

ამასთან, კომპანია „ენკამ“ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც მხარეებს დიალოგს სთავაზობს.