მიხეილ სარჯველაძე - არ არსებობს ობიექტური მიზეზი, რომ იუსტიციის სამინისტროს წინადადება მისაღები არ აღმოჩნდეს
მიხეილ სარჯველაძე - არ არსებობს ობიექტური მიზეზი, რომ იუსტიციის სამინისტროს წინადადება მისაღები არ აღმოჩნდეს

არ არსებობს ობიექტური მიზეზი, რომ იუსტიციის სამინისტროს წინადადება მისაღები არ აღმოჩნდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით გონივრული და სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რაც მნიშვნელოვანზე უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, გახლავთ, რომ ეს არის ცალსახად გონივრული და სწორი გადაწყვეტილება, რომ ისეთი ვარიანტის შეთავაზება მოხდეს, რომელიც ამ შემთხვევაში პრაქტიკულად ყველა რისკს აგვარებს.

შესაბამისად, ეს იქნება კლინიკა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ყველა სამედიცინო რისკების პრაქტიკულად დაზღვევა და მეორე მხრივ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების იდეალურად მართვა, რომელზეც ამ პერიოდის განმავლობაში საუბარი იყო. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ბევრი ფაქტორი იყო მხედველობაში მიღებული, თუმცა ჩემთვის მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახლდათ, რომ სხვა ადამიანების შიმშილობის შეწყვეტის მიზეზი შეიძლება გახდეს ეს ყველაფერი, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ობიექტური მიზეზი არ არსებობს, რომლის გამოც შეიძლება, არ აღმოჩნდეს მისაღები ეს წინადადება, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა. ნამდვილად არ არის მიზეზი იმის თქმისთვის, რომ დაგვიანებულია ამ გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. მისი თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

დატოვე კომენტარი