მიხეილ სარჯველაძე - ანდრიუს კუბილიუსს ალბათ გამორჩა, რომ კონსტიტუციაში რომელიმე პარტიის მიერ 43 პროცენტის ვერმიღწევა რიგგარეშე  არჩევნების საფუძველად უნდა ჩაიწეროს
მიხეილ სარჯველაძე - ანდრიუს კუბილიუსს ალბათ გამორჩა, რომ კონსტიტუციაში რომელიმე პარტიის მიერ 43 პროცენტის ვერმიღწევა რიგგარეშე  არჩევნების საფუძველად უნდა ჩაიწეროს

ანდრიუს კუბილიუსს, როგორც ჩანს, ერთი ფრაზა გამორჩა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომ რომელიმე პარტიის მხრიდან 43 პროცენტის ვერმიღწევა წარმოადგენს საფუძველს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ არის სწორი მსჯელობა, როდესაც საუბარია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ შესაძლოა, ქვეყანაზე ზეწოლა განახორციელოს.

„თუ ჩვენი ქვეყნის არამოქალაქეს უფლება აქვს, რომ ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა განახორციელოს კონსტიტუციაში ამ სახის ცვლილებების შეტანაზე, კი ბატონო, გნებავთ, თქვენ ასეთი მოსაზრების გჯეროდეთ. არ მგონია, რომ ეს სწორი მსჯელობაა. როცა 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, რომც არსებობდეს ეს დოკუმენტი, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. შეგიძლიათ, ნახოთ, კონსტიტუცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ჩატარების შესაძლებლობას რა შემთხვევაში უშვებს, ამის მიღმა საფუძვლების შეთხზვა და მოგონება არასწორია. არავის უნდა სიამოვნებდეს, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე ამ კონსტიტუციურ პრინციპს და წესრიგს შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს და მის უზენაესობას არ უშვებდეს. თუ ქვეყანა კონსტიტუციას არ დაარღვევს და ამის გამო იქნება წნეხი და ზეწოლა, არ ვიცი. სჯობს, ეს დაზუსტდეს. არ მგონია, კუბილიუსის განცხადებები ასე უნდა განიმარტოს. თუ კუბილიუსის განცხადების ინტერპრეტაცია და აზრი ისეთია, რომ ჩვენი ცხოვრების სარეგულირებლად კონსტიტუცია მნიშვნელოვანი არ არის, ასეთ შემთხვევაში, ეს ამ განცხადების პრობლემაა და არა ჩვენი ქვეყნის“, – განაცხდა სარჯველაძემ.

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებზე 43 პროცენტს თუ ვერ დააგროვებს, ევროკავშირი მოახდენს ზემოქმედებას, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.