მიხეილ სარჯველაძე - ახლა ყველას მოვალეობაა, მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ორიენტირებული ვიყოთ პაციენტის ინტერესზე, ამჟამად სააკაშვილი საჭირო სამედიცინო სერვისს იღებს
მიხეილ სარჯველაძე - ახლა ყველას მოვალეობაა, მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ორიენტირებული ვიყოთ პაციენტის ინტერესზე, ამჟამად სააკაშვილი საჭირო სამედიცინო სერვისს იღებს

ახლა ყველას მოვალეობაა, მაქსიმალურად შევეცადოთ, უშუალოდ ორიენტირებული ვიყოთ სწორედ პაციენტის ინტერესზე, მათ შორის, მინდა, ვთქვა, იმ ადამიანების გასაგონადაც, ვინც სააკაშვილის მომხრეებად გვევლინებიან, რაც შეიძლება მეტი იყოს ყურადღება იმ მიმართულებით, რომ მისთვის სასიკეთოდ, მისი ჯანმრთელობისთვის სასიკეთოდ გადაიდგას ნაბიჯები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ჩემი აზრით, მისთვის ყველაზე საუკეთესო იქნება გადაწყვეტილება შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ამ თვალსაზრისით ვაკეთებ ყველაზე მეტ ყურადღებას. რაც შეეხება გადაყვანა, არ-გადაყვანას, არ მინდა, საკითხი ისე წარმოჩნდეს, რომ ეს იქცეს პოლიტიკურ იდეაფიქსად ვინმესთვის. ეს არ არის, რა საკვირველია, გამართლებული და მიზანშეწონილი. ამ შემთხვევაში, პაციენტის ინტერესი მოითხოვს იმას, რომ რაციონალურად შეფასდეს მდგომარეობა, საჭიროებების რელევანტურად მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება, ნაბიჯების გადადგმა. რისკები, ყველა გარემოება, ფასდება, მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მხრიდან დანახვა, ამ შემთხვევაში, ერთი პროფესიის კუთხიდან დანახვა. ბუნებრივია, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას მხედველობაში მიიღება სხვა ფაქტორებიც, მათ შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული. უშუალოდ უნდა მოხდეს შეფასება, კონკრეტულ ვითარებაში, რა საჭიროებები არსებობს კონკრეტული სერვისებისა, როგორ და რა ფორმით არის მიწოდებადი“,- განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც დეპუტატი აცხადებს, დაიგეგმა კვლევები, რომლის შედეგებზეც არის დამოკიდებული სამომავლო გეგმები.

„არ არის ასე მარტივად, რომ გამოვაცხადოთ, სამოქალაქო კლინიკა არის პანაცეა ამ შემთხვევაში, ეს არ არის ასე, ეს უფრო მეტად შემოთავაზებულია, როგორც საკითხის პოლიტიზებული გადაწყვეტა, ვიდრე პაციენტის ინტერესზე ორიენტირებული და მიდრეკილი, ამ თვალსაზრისით.

შემდგომი კვლევები სწრაფი ტემპით დაიგეგმა. ამის შედეგებზეა დამოკიდებული, მათ შორის, რა საჭიროებები არსებობს და ამ საჭიროებებს პასუხობს თუ არა ის დაწესებულება, სადაც ამჟამად იმყოფება. ამჟამად, რა ვითარებაც იქ არის, ეს არის მოცემულობა, როცა საჭირო სამედიცინო სერვისს სააკაშვილი იღებს, ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასათვალისწინებელი“,- განაცხადა სარჯველაძემ.