მიხეილ სარჯველაძე - ახალი არჩევნების საკითხი არ განიხილება, მოლაპარაკების ძალიან ცუდი წინაპირობაა, თუ ოპოზიციას მხოლოდ ამის მოლოდინი აქვს
მიხეილ სარჯველაძე - ახალი არჩევნების საკითხი არ განიხილება, მოლაპარაკების ძალიან ცუდი წინაპირობაა, თუ ოპოზიციას მხოლოდ ამის მოლოდინი აქვს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამჟამად, მმართველი გუნდის მიერ ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება.

სარჯველაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების პროცესში ყველა პოლიტიკური აქტორი იყოს შედეგზე ორიენტირებული, რათა მოლაპარაკება წარმატებული გამოდგეს.

„წინასწარ ულტიმატუმის დაყენება, რომ მხოლოდ კონკრეტული საკითხი უნდა იყოს განხილვის საგანი და სხვა არაფერი, სწორი მიდგომა არ არის. სწორი მიდგომა იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთის პოზიციები გავიგოთ და ის თემები ვეძებოთ, რაშიც შეიძლება, შევთანხმდეთ. ამასთან, ერთმა მხარემ ულტიმატუმით ისაუბროს და მეორემ წინადადებით, ეს სწორი მიდგომა არ არის.

ამჟამად, ჩვენ მიერ ახალი არჩევნების საკითხი არ განიხილება. თუ ოპოზიციას მხოლოდ ეს მოლოდინი და შეთავაზება აქვს, ეს მოლაპარაკების ძალიან ცუდი წინაპირობაა, ვერ ვიტყოდი, რომ „ქართული ოცნება“ არანაირ კომპრომისულ ვერსიაზე არ მუშაობს, პირიქით, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ კონსესუსი იყოს მიღწეული“, – განაცხადა სარჯველაძემ.