მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სოციალურ თემატიკასთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროება არ არსებობს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სოციალურ თემატიკასთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს. ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ სარჯველაძემ ამ საკითხზე „ლელოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
„პრობლემა იმაში კი არ არის, რომ სოციალური საკითხი არ განვიხილოთ, არამედ პირიქით, ეს საკითხი უნდა განვიხილოთ; უბრალოდ, როცა ამ საკითხისთვის არჩეულია რიგგარეშე სხდომის მოწვევა, არ მგონია, რომ ეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საბაბი უნდა იყოს. ამისთვის საკმარისია სხვა საპარლამენტო ბერკეტი – სადეპუტატო კითხვების გზით ინფორმაციის მოძიება, სამუშაო ფორმატებში შეხვედრების გამართვა.
როცა აქცენტი კეთდება მაინც და მაინც ერთ-ერთ ფორმატზე, რაც არის რიგგარეშე სხდომის მოწვევა, ამ შემთხვევაში ინიციატორების მიზანია ის, რომ იყოს უფრო მეტად პოლიტიკური მდგენელის მიმართულებით აქცენტების გაკეთება, ვიდრე დისკუსია და მსჯელობა, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. ამ საკითხებზე უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ამისთვის აუცილებელი არ არის რიგგარეშე სხდომის მოწვევა.
სოციალური მიმართულებით საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით აქამდეც ბევრი გაკეთდა, როგორც განხორციელებულ პროექტებზე, ასევე დაგეგმილზე. მიღებულია „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონი, რითაც განსაზღვრულია ანაზღაურების საკითხი და კონკრეტული გეგმაა გაწერილი. საკმარისი იქნება, ყველამ საგნობრივად მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ, სიღრმეებში შევიდეთ და გაჩნდება მარტივად პასუხების მიღების შესაძლებლობა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის არაერთი სხდომა იყო, სადაც მსჯელობა იყო სოციალური მუშაობის თაობაზე დადგენილი რეგულაციების ავკარგიანობაზე. ამაზე სადეპუტატო კითხვები დაისვა, რაც უფრო პროდუქტიულია და შედეგის მომტანია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.