მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით უსაფრთხოების თვალსაზრისით არავითარი რისკი არ არსებობს
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით უსაფრთხოების თვალსაზრისით არავითარი რისკი არ არსებობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მე-18 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით მედიკოსთა მულტიფინქციური ჯგუფის დასკვნაზე დაყრდნობით გაკეთდა შეფასება, რომ მოსახერხებელია მიხეილ სააკაშვილისთვის ყველა იმ სერვისის მიწოდება, რაც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით აუცილებელია.

ჟურნალისტებთან საუბარში მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველის აპარატის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უსაფრთხოების თვალსაზრისით არავითარი საფრთხე და რისკი არ არსებობს.

„შესაბამისად, ამ პირობებში არ შეიძლება, ხელაღებით იმის მოთხოვნა, გინდა თუ არა სერვისის მიწოდება განხორციელდეს რომელიმე კერძო კლინიკაში, ვინაიდან რომელიმე პატიმარს ასე სურს, სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს გაუმართლებელია. რაც შეეხება ომბუდსმენის განცხადებას, აღნიშნული გარემოებები მხედველობაში მანაც უნდა მიიღოს.

როგორ ფიქრობთ, პატიმრის კერძო კლინიკაში გაყვანა მხოლოდ პატიმრის სურვილზეა დამოკიდებული? – ეს ასე არ არის და განსაკუთრებულ სტატუსსა და რეჟიმს არც ერთი პატიმარი არ იმსახურებს, რადგან წესი ყველასთვის წესია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის აპარატმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გამოიკვლიეს, რამდენად შეიძლება N18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის იმ სამედიცინო მომსახურების შეთავაზება, რაც ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის 23 ოქტომბრის დასკვნით არის განსაზღვრული.

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, უსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მიხეილ სააკაშვილისთვის.